“გურია ნიუსისთვის” ცნობილი გახდა, რომ “ქართულმა ოცნებამ” ოზურგეთში ოფისების ძებნა დაიწყო. ახლა მიმდინარეობს კონსულტაციები, თუ ვინ ჩაუდგება საზოგადოებრივ მოძრაობას სათავეში. რამდენიმე დღის წინ “გურია ნიუსის” ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ საზოგადოებრივი მოძრაობა “ქართული ოცნების” ოზურგეთის ოფისს, ცნობილი სპორტსმენი, ვახტანგ ბლაგიძე უხელმძღვანელებდა. მაშინ ბლაგიძემ გვითხრა, რომ, ჯერჯერობით, საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის: _ საუბარი არის, რომ მე ვუხელმძღვანელო “ქართული ოცნების” ოზურგეთის ოფისს, თუმცა, ჯერ გადაწყვეტილება არ არის მიღებული და მეც არ მინდა, მოვლენებს წინ გავუსწრო.
ამის შემდეგ გავრცელდა ხმები, რომ “ქართულ ოცნებას” ოზურგეთში გია თენიეშვილი უხელმძღვანელებს, გურიის კურატორად კი მერაბ შათირიშვილი დაინიშნება.
“გურია ნიუსი” გია თენიეშვილს ესაუბრა, ის ამჟამად თბილისში იმყოფება და სატელეფონო საუბრის დროს ასეთი კომენტარი გააკეთა: _ ერთ-ერთი პიროვნება ვინც არის გათვალისწინებული საინიციატივო ჯგუფში, მე _ გია თენიეშვილი ვარ. დანარჩენი გადაწყვეტის პროცესშია. მე მყარად ვარ გათვალისწინებული.
_ ანუ ხელმძღვანელი ვინ იქნება, ჯერჯერობით, არ არის ცნობილი?
_ ხელმძღვანელი იქნება ოთხივე ან სამივე. არ იქნება ასე კონკრეტული თანამდებობები _ მაგალითად, დირექტორი.
_ თქვენ გარდა დანარჩენი სამი ვინ იქნება?
_ არ ვიცი, გადაწყვეტის პროცესშია. მე მოტივირებული ვარ, ამბიცია მაქვს იმისთვის, რომ ყველაფერი გავაკეთო კარგი საქმისთვის. სულიერად ისე გამიჭირდა, მზად ვარ, დავუდგე “ქართულ ოცნებას” გვერდით და ის ჩემი ავტორიტეტი, რომელსაც 60 წელი ვმწყემსავდი, გამოვიყენო. თუ კი ვინმე ავტორიტეტს წარმოადგენს ოზურგეთში, ყველას დავუძახებთ.