საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა "გურია ნიუსთან" ინტერვიუში რამდენიმე კითხვა დასვა, რომელზეც, მისივე თქმით, პასუხები ჯერ კიდევ არ მიუღია.
ამ საკითხებს შორის, ერთ-ერთი ეხებოდა, თუ რატომ არ მოხსნა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გრიფი "საიდუმლო" ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ხარჯების ამსახველ დოკუმენტაციას.
ბიძინა ივანიშვილის თქმით, გიორგი მარგველაშვილი, სააკაშვილის დაცვის მიზნით, პროკურატურას გამოძიებაში ხელს უშლიდა და გარკვეულ მასალებს საიდუმლო გრიფს არ ხსნიდა, მიუხედავად იმისა, რომ პროკურატურამ პრეზიდენტს სამჯერ მიმართა.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილს ბრალი ბიუჯეტის თანხების არამიზნობრივად ხარჯვისთვის 2014 წლის 13 აგვისტოს წარედგინა და პროკურატურის მტკიცებით, სააკაშვილმა ბიუჯეტის კუთვნილი 9 მილიონი ლარი გაფლანგა.
საკითხი განსაკუთრებთ აქტუალურია სასამართლო განხილვების წინ და ამიტომაც, "გურია ნიუსმა" პრეზიდენტის ადმინისტრაციას მიმართა, რომლის პოზიციაც არა პრეზიდენტმა, არამედ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა თინათინ მჟავანაძემ გაახმოვანა.
ამ ფორმატის გამო, სამწუხაროდ, დეტალებზე და მიზეზებზე დაწვრილებით საუბარი გამოირიცხა. "გურია ნიუსთან" ინტერვიუში პრეზიდენტის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ პროკურატურამ გრიფის _ "საიდუმლო" მოხსნის თხოვნით, პრეზიდენტის ადმინისტრაციას მხოლოდ ერთხელ მიმართა და გრიფი "საიდუმლო" გამოძიების პროცესს ხელს არ უშლიდა, რადგან საქმე ეხებოდა უმნიშვნელო ხარჯებს _ 7 პიჯაკისა და რამდენიმე სუშის ქვითარს.
"გურია ნიუსი" საქმის პროკურორს ნათია სონღულაშვილს ესაუბრა. მასთან ინტერვიუდან გაიგებთ, რატომ და რამდენჯერ მიმართა პროკურატურამ პრეზიდენტის ადმინისტრაციას გრიფის მოხსნით მოთხოვნით; რა სახის დოკუმენტებს ედო გრიფი "საიდუმლო"; საიდან, როგორ და რამდენ ფულს ხარჯავდა მიხეილ სააკაშვილი პირადი საჭიროებისთვის, რასაც პროკურატურა უკანონოდ მიიჩნევს და რომლის შესახებაც სასამართლომ სამართლიანი და მიუკერძოებელი ვერდიქტი უნდა გამოიტანოს.
"გურია ნიუსმა" მოიპოვა იმ დოკუმენტების ფოტოასლებიც, რომლებიც საქართველოს პროკურატურამ პრეზიდენტს გრიფის _ "საიდუმლო" მოხსნის მოთხოვნით გაუგზავნა.
გასადიდებლად დააჭირეთ ფოტოს.