საკურორტო-ტურისტული სეზონის გააქტიურებასთან დაკავშირებით, მყარი ნარჩენების გატანისა და საკურორტო ზონების დასუფთავების ორგანიზებისთვის, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა ურეკსა და შეკვეთილში დასუფთავების მასშტაბურ აქციებს ახორციელებს.
კურორტზე ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შექმნის მიზნით დასუფთავების ორი მანქანის შესაძენად, გასულ წელს, ბიუჯეტიდან 420 ათასი ლარი გამოყო.
საკურორტო ზონების დასუფთავებას ა(ა)ი.პ. "ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მომსახურების ცენტრი" უზრუნველყოფს. როგორც ცენტრის ხელმძღვანელი შალვა კონჯარია ამბობს, მიმდინარე სეზონზე, დაბა ურეკსა და შეკვეთილს დამატებით 3 ახალი ნაგავმზიდი მანქანა და ურნების მცლელი ტრაქტორები ემსახურება.
"მყარი ნარჩენების გატანისა და საკურორტო ზონების დასუფთავებისთვის შეძენილ იქნა დასუფთავების ახალი მანქანები. დაბა ურეკსა და შეკვეთილს ემსახურება სამი ახალი ნაგავმზიდი მანქანა კონსტრუქციულად შესაბამისი სანაგვე ურნებით.
ნაგავმზიდ მანქანებს მყარ ნარჩენები ურეკი-შეკვეთილის ტერიტორიიდან დღის განმავლობაში 3-ჯერ გააქვთ. დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები ურეკისა და შეკვეთილის სანაპირო ზოლს და მიმდებარე ტერიტორიებს დილის 6 საათიდან ასუფთავებენ. ახალი მანქანები ოზურგეთის მუნიციპალიტეტს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ მთავრობის განკარგულების საფუძველზე შპს "საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ” გადმოსცა. საკურორტო ზონების გარდა ნაგავმზიდი მანქანები მიმდებარე სოფლებსაც ემსახურება," _ აღნიშნავს კონჯარია.
შალვა კონჯარიას თქმით, ყოველდღიურ რეჟიმში ირეცხება დაბა ურეკის 3 კილომეტრიანი საგზაო მონაკვეთი:
"მიმდინარეობს ურეკი-შეკვეთილის წყლისა და საკანალიზაციო სისტემის მოწყობა, რომელიც მიწისქვეშა სამუშაოებს ითვალისწინებს. იმისთვის, რომ მიმდინარე სამუშაოებით გამოწვეულმა მტვერმა დამსვენებელს დისკომფორტი არ შეუქმნას სპეციალური ტექნიკა გზებს ინტენსიურად რწყავს," _ ამბობს კონჯარია.
როგორც გამგეობაში აცხადებენ, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ მოიძია ტექნიკა, რომელიც საჭიროა გურიის სანაპირო ზოლის დასუფთავებისთვის. ეს არის პლაჟის დასასუფთავებელი მანქანა "beach tech” დასუფთავება–დავარცხნის ფუნქციით, რომელიც საქართველოს რეგიონული განვითარების ფონდიდან მუნიციპალიტეტს აგვისტოს თვეში გადმოეცემა.
(R)