"მინდა, კიდევ ერთხელ გამოვხატო სრული მხარდაჭერა მედიის თავისუფლების, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების მიმართულებით" _ ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი "რუსთავი 2“-ის კონცერტებთან დაკავშირებულ შეფერხებას.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მოისმინა ორივე მხარის პოზიცია და მოიკითხა დამატებითი ინფორმაციაც. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, უარი ობიექტური მიზეზებით იყო გამოწვეული.
"ვერ ვხედავ ვერავითარ პრობლემას. ფოთში და ყველგან უკვე განაცხადეს, რომ ყველასთვის ხელმისაწვდომია ის სივრცე, რომელიც დაგჭირდებათ.
არა მხოლოდ თქვენ, არამედ "ნაციონალურ მოძრაობას“ ძალიან კომფორტული აქციების ჩატარების უფლება მივეცით. ვერ დავიჯერებ, რომ ეს იყო დაგეგმილი სცენარი. როგორც ჩანს, მართლაც ჰქონდათ დაგეგმილი ღონისძიებები“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.