"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატ ნუგზარ წიკლაურის განცხადებით, კომიკურია პრემიერ-მინისტრის ის განცხადება, სადაც ინტერპოლის ძებნილთა სიაში მოხვედრის მეთოდოლოგიის ცვლილებაზე საუბრობს.
"როგორც მოგეხსენებათ ინტერპოლმა უარყო საქართველოს პროკურატურის მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის საერთაშორისო ძებნის გამოცხადებასთან დაკავშირებით, რადგან ეს ქმედება ინტერპოლის კონსტიტუციის მე-3 მუხლს ეწინააღმდეგება, რომლის მიხედვითაც, ორგანიზაციას პოლიტიკური ნიშნით პირებზე დევნის გამოცხადება აკრძალული აქვს. აღნიშნული მუხლი 1956 წელსაა მიღებული. ამიტომ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებები, სადაც ის აღნიშნავს, რომ თითქოს უარის თქმის მოტივი ორგანიზაციაში განხორციელებული ცვლილებაა, კომიკურია.
აღნიშნული გადაწყვეტილება არის ანალოგიური, იმ გადაწყვეტილებების, რომელიც ადრე ევროპის საბჭოსა და პარლამენტის მიერ, აგრეთვე საბერძნეთისა და საფრანგეთის სასმართლოების მიერ იქნა მიღებული. ცხადია, რომ საერთშორისო საზოგადოება ერთსულოვანია საქართველოში პოლიტიკური ნიშნით დევნასა და სამართლებრივი მექანიზმების სწორედ ამ მიმართულებით გამოყენებასთან დაკავშირებით.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მთავრობას კიდევ ერთხელ მოუწოდებს, რომ შეწყვიტოს პოლიტიკური ნიშნით დევნა, გაათავისუფლოს ის პირები, რომლებიც პოლიტიკური ნიშნით იხდიან სასჯელს. ასევე, გახსნას შესაძლებლობები მათთვის, ვინც პოლიტკური ნიშნით არიან დევნილები, რათა დაბრუნდნენ. იმ შემთხვევაში, თუ ეს მოთხოვნები არ იქნება დაკმაყოფილებული, ამ გადაწყვეტილებას უახლოეს თვეებში მიიღებენ საქართველოს მოქალაქეები იმ დემოკრატიული უფლებების ფარგლებში, რომელიც მათ აქვთ ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში", _ განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.