ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ, სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მეუღლის წამების ფაქტზე ბრალდებული გოჩა მიქავა დამნაშავედ სცნო. მოსამართლემ გოჩა მიქავას სასჯელის სახედ და ზომად 9 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
სასამართლოზე დადგენილ იქნა, რომ გოჩა მიქავა, ძლიერი ფიზიკური ტკივილის მიყენებით, მორალური და ფსიქიკური ზემოქმედების გზით ცდილობდა საკუთარი მეუღლისგან ხ.შ.-გან მიეღო ინფორმაცია ამ უკანასკნელის ღალატის შესახებ.
2015 წლის 17 მაისს, გოჩა მიქავამ მოტყუებით შეიყვანა ხ.შ. ოთახში, ჩაუკეტა კარები და აგრესიული ტონით, იარაღის მსგავსი საგნის დემონსტრირებით, სიცოცხლის მოსპობის მუქარით მოითხოვდა მისგან ეღიარებინა საყვარელი მამაკაცების ვინაობა.
მისთვის სასურველი ინფორმაციისა და აღიარების მიღების მიზნით, მიქავა მეუღლეს ფიზიკურად გაუსწორდა და დანის ჩხვლეტითა და დანის დასმით მიაყენა მრავლობითი ჭრილობები – ყურის, ყვრიმალების, ტუჩის და ცხვირის, ნიკაპის, მხარის, მაჯის, თითების საფრჩხილე ფალანგის, ბარძაყის, მუხლის, წვივის მიდამოებში.
ასევე, გოჩა მიქავამ ხ.შ.-ს ხელისა და ფეხის გამოყენებით სხეულის დაზიანება მიაყენა გულმკერდის, მაჯის, მხარის არეში. აღნიშნული ქმედებით დაზარალებულმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი, ფსიქიკური და მორალური ტანჯვა.
გოჩა მიქავას ბრალი დაუსწრებლად წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის11/144 მუხლის პირველი ნაწილით. ამჟამად იგი მიმალვაში იმყოფება და მასზე გამოცხადებულია ძებნა.