სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსა და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ ზაზა ვაშაყმაძემ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი, რომლის მიზანსაც მსჯავრდებულთა და პრობაციონერთა რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლების განხორციელებითვის ხელშეწყობა წარმოადგენს.
"საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი, რომ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გუნდი მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა ყველა უფლების უზრუნველსაყოფად 24-საათიან რეჟიმში მუშაობს.
რწმენის თავისუფლება ერთ-ერთი ყველაზე ძირითადი კომპონენტია. ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ, რომ ყველაფერი უნდა ჩაჯდეს რეგულაციაში, რათა არ იყოს ინტერპრეტაციის საშუალება. მემორანდუმს ხელი სწორედ რელიგიის, რწმენის თავისუფლების უზრუნველყოფის მიზნით მოვაწერეთ, რათა პენიტენციურ დაწესებულებებში მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა რწმენის თავისუფლება უფრო მეტად იყოს დაცული" – განაცხადა კახა კახიშვილმა.
მემორანდუმის ფარგლებში მხარეები ერთობლივად შეიმუშავებენ და განახორციელებენ მსჯავრდებულთა და პრობაციონერთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის პროგრამებს, რეკომენდაციებს მსჯავრდებულთა რელიგიურ რიტუალებში მონაწილეობის, სასულიერო პირებთან შეხვედრების უზრუნველყოფისა და მათი რელიგიური უფლებების სრულფასოვანი რეალიზაციის მიზნით. ასევე, იგეგმება კაპელანის ინსტიტუტის ჩამოყალიბება, ინფორმაციული და სასწავლო-მეთოდოლოგიური მხარდაჭერა და სათანადო პერსონალის საერთაშორისო სტანდარტებით გადამზადება.
(R)