დღეს სოფელ ნინოშვილის მოსახლეობას ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა ურუშაძე შეხვდა. შეხვედრაზე ასევე იმყოფებოდნენ ნიგვზიანსა და ნინოშვილში გამგებლის წარმომადგენლები – ირაკლი გუჯაბიძე და ბაჩუკი ტუღუში, ნინოშვილის მაჟორიტარი დეპუტატი დავით ჩხარტიშვილი .
წელს გამგეობამ 80 ათას ლარიანი ტენდერი გამოაცხადა ნინოშვილის თემის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციისთვის. ამავდროულად, კიდევ ერთ პროექტზე გამოცხადდა ტენდერი, რომლითაც ნიგვზიანის თემის სოფელ არჩეულის მოსახლეობის წყლით უზრუნველყოფა უნდა მომხდარიყო. გარდა იმისა, რომ ორივე პროექტი მოიგო კომპანია "უნივერსალ ჯორჯია 2008"-მ, პროექტებს კიდევ ის აკავშირებთ, რომ წყალმომარაგების ორივე სისტემა ერთიდაიმავე სათავე ნაგებობას უნდა მიებას.
პრობლემის თავიდათავი სწორედ ეს არის. ნინოშვილის მოსახლეობას მიაჩნია, რომ წყლის მარაგი იმდენად მწირია, რომ ვერანაირად ვერ მოხერხდება ორივე სოფლის დაკმაყოფილება.
"ჩვენ პროტესტი იმის გამო გამოვხატეთ, რომ თავიდან არჩეულის მიმართულებით დაიწყეს სამუშაოები. არ ვართ წინააღმდეგი სხვასაც ქონდეს წყალი, მაგრამ ჯერ ჩვენ გაგვიკეთონ და თუ ისე მოხდა, რომ მეორე სოფლის უზრუნველყოფასაც შევძლებთ, წინააღმდეგი არავინაა", – აცხადებენ ნინოშვილელები.
ამ საკითხთან დაკავშირებით მოსახლეობამ ზაზა ურუშაძისგან გარანტია მიიღო, რომ არჩეულს წყალი მხოლოდ იმ შემთხვევაში მიეწოდებოდა, თუ ჭარბი რაოდენობა დაგროვდება. ეს ერთადერთი საკითხი იყო, რაზეც შეხვედრისას შეთანხმდნენ. დანარჩენ საკითხებზე, მიუხედავად ხანგრძლივი მსჯელობისა, შეთანხმება არ მოხდა. საბოლოოდ გადაწყდა, რომ მოსახლეობა შეიკრიბებოდა, შეჯერდებოდა და შემდეგ წარუდგენდა წინადადებებს სამუშაოების მწარმოებელ კომპანიას.
ვრცელ მასალას ამ საკითხთან დაკავშირებით მოგვიანებით შემოგთავაზებთ.