გელა ლომინეიშვილის _ მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსის, კომისიის თავმჯდომარის; მალხაზ დოლიძის _ მუნიციპალური ქონების მართვის სამსახურის უფროსის; ჯემალ სიხარულიძის _ გამგეობის ბიუჯეტის დაგეგმვისა და ანალიზის განყოფილების უფროსის, ალექსანდრე წიქარიძის _ გზებისა და ინფრასტრუქტურის საკითხებში გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის სპეციალისტის; ნინო სიხარულიძის _ არქმშენინსპექციის საკითხებში გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის სპეციალისტის; თენგიზ ცენტერაძის _ ეკონომიკის საკითხებში გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის სპეციალისტის; გიორგი ბოლქვაძის _ დაგეგმარებისა და სივრცითი მოწყობის საკითხებში გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის სპეციალისტის და გია ცინცაძის _ სოფლის რწმუნებულის (ოქმში მითითებული არ არის, რომელი სოფლის რწმუნებულზეა საუბარი, თუმცა, მკითხველისთვის განვმარტავთ, რომ ცინცაძე სოფელ ფარცხმის რწმუნებულია) შემადგენლობით, სავარაუდოდ, გაარკვია, რა სამუშაოების ჩატარება იყო საჭირო ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა ფარცხმის წყალსადენის მოსაწყობად (“სავარაუდოდ” იმიტომ, რომ აქტში არ წერია იმსჯელეს, იკამათეს თუ უბრალოდ, ზემოდან მიღებული მითითებები შეასრულეს). ასე და ამგვარად, ჩამოწერეს 7 საკითხი, ხელიც მოაწერეს და საქმე შემდგომი მსვლელობისთვის იმდროინდელ გამგებელს, მამუკა დოლიძეს გადასცეს.
დოლიძემაც ბევრი არ დააყოვნა და მიმდინარე წლის 2010 წლის 23 თებერვალს, ერთ პირთან მოლაპარაკების წესით, ხელშეკრულება გაუფორმა ინდმეწარმე თამაზ ტრაპაიძეს. ტრაპაიძემ აიღო ვალდებულება, რომ 77 803 ლარად შეასრულებდა შუაფარცხმის წყალსადენის მოწყობის სამუშაოებს. ხელშეკრულების მიხედვით, ტრაპაიძე ვალდებული იყო, ნაკისრი ვალდებულებები 2010 წლის 30 მაისამდე შეესრულებინა (ერთი სიტყვით, თვითმმართველობის არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, შუაფარცხმის მოსახლეობა “ცისკარას” მოლოდინში აღარ უნდა ყოფილიყო და მადლობა საარჩევნო ყუთთან გადაეხადა).
პროექტის თანახმად, წყალი მხოლოდ შუაფარცხმელების ნაწილისთვის იყო განკუთვნილი. წყალსადენის მთლიანი სიგრძე 10 500 გრძივი მეტრია, პროექტის თანახმად კი, წყალსადენის 4420 გრძივ მეტრს გაუკეთდა რეაბილიტაცია. თუმცა, წყალმა დაბის ტერიტორიაზე ჩააღწია და ამის გამო, ფარცხმელებს წყალი იმ წნევით არ მიეწოდათ, როგორსაც ელოდნენ, ზოგს კი სულაც შეუწყდა.
ჩვენი გაზეთი ამ პრობლემის შესახებ 2010 წლის 17 ივნისის 47-ე ნომერში წერდა: “თავიდან ითქვა, რომ მილები ეკლესიისთვის გაჰყავდათ და ამაზე წინააღმდეგობა არავის გაუწევია. პირიქით, შუაფარცხმელებმა ეკლესიისთვის წყლის გასაყვანად ადგილობრივი მუშახელიც არ დაიშურეს. თუმცა, როცა ცნობილი გახდა, რომ წყლის მილმა ნინოშვილი-გურიის ქუჩებიც გადაკვეთა და მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში, ერთი კონკრეტული პიროვნებისთვის ააღწია, შუა ფარცხმელები აღშფოთდნენ, სოფლის კრებაც მოიწვიეს და გამგეობის წარმომადგენლებიც დაიბარეს” _ აღნიშნულია სტატიაში.
“პროექტის თანახმად, წყალი შუაფარცხმელებს უნდა ჰქონოდათ, თუმცა, ჭავჭავაძის მთელი ქუჩა მოიცვა. ამის მიზეზი კარგად ვიცით _ გამგებლის მოადგილე დიმიტრი კორიფაძე ჭავჭავაძის ქუჩაზე ცხოვრობს და მასაც ხომ უნდა შეეყვანა წყალი სახლში?! გვითხრეს, ეკლესიას წყალი არ აქვსო და ადგილობრივებმა საკუთარი ძალებით გავთხარეთ არხები, ეკლესია რომ უწყლოდ არ დარჩენილიყო. ახლა კი გავიგეთ, ერთი კონკრეტული ადამიანისთვის აუყვანიათ მესამე სართულზე წყალი. ეს კი პროექტში არ ეწერა. ისიც ვერ გავიგეთ, რაში დაიხარჯა ამხელა თანხა, როცა სოფელს წყალი თითქმის არ მიეწოდება,” ჴ ამბობდნენ შუაფარხმელები 2010 წელს “გურია ნიუსთან” საუბარში.
იმავე პერიოდში გამგებლის მოადგილე, დიმიტრი კორიფაძე (იგი დღესაც ამავე თანამდებობაზეა) ადასტურებდა, რომ შუაფარცხმის წყალსადენის პროექტით წყლის მიწოდება მხოლოდ შუაფარცხმელებისთვის იყო განკუთვნილი: “წყალი ფარცხმის ბოლომდე უნდა ჩამოსულიყო და დაბის ტერიტორიაზე არ უნდა გასულიყო,” _ აკონკრეტებდა კორიფაძე და დასძენდა, რომ წყალი მის სახლთან არ უნდა ჩამოსულიყო.
ფარცხმის მაჟორიტარი დეპუტატი ერეკლე მრელაშვილი აღნიშნავდა, რომ მართალია, სოფელს წყალი არ მიეწოდება (2010 წლის 17 ივნისის მდგომარეობით), მაგრამ მთავარი საქმის დაწყება გახლდათ: “წყალი ისეთი თემაა, მთავარია, უმტკივნეულოდ მოგვარდეს ეს პრობლემა. 10 დღე გვჭირდება(?!), რეალური სურათი რომ დავდოთ. არის ოჯახები ჩვენს სოფელში, რომლებიც წყლის გარეშე დარჩნენ, ელემენტარულად მათთან წყალი ვერ მივიყვანეთ. 140 000-იან პროექტს 80 000-ში რომ ვერ გააკეთებ, ფაქტია. ჩვენ ამ ხალხს ავუხსენით, რომ მთავარია დაგვეწყო. ესეც რომ არ დაგვეწყო, მთელს სოფელს ძალიან ცუდად ექნებოდა საქმე. როგორც დეპუტატს, მქონდა სოფელთან შეხვედრა დაახლოებით 10 დღის წინ, ამ თემებზე ვისაუბრეთ მოსახლეობასთან და მათ კატეგორიული მოთხოვნა არ აქვთ (?!). ეს ხალხი ამბობს ერთს _ ჩემთან არ მოდის წყალი”, _ ამბობდა მრელაშვილი 2010 წლის 17 ივნისს.
თუმცა, დეპუტატის 10 დღე, რომელიც მრელაშვილმა შუაფარცხმელების საჯარო პროტესტის შემდეგ დაასახელა, ასორმოცდაათად იქცა _ აღნიშნული საგაზეთო სტატიის გამოქვეყნებიდან 5 თვის შემდეგ, 2010 წლის 10 ნოემბერს, ინდმეწარმე თენგიზ ჯინჭარაძესთან, ერთ პირთან მოლაპარაკების წესით, ხელშეკრულება ამჯერად საკრებულოს თავმჯდომარემ, ანტონ ხუნდაძემ გააფორმა. ხელშეკრულების თანახმად, ჯინჭარაძეს შუაფარცხმის წყალმომარაგების სამუშაოები უნდა მოეწყო და ამისთვის 13 685 ლარი მიიღო. იმავე წლის 22 დეკემბერს, შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად (აქტი ნომერი 01) ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები ჩატარდა. ამ აქტში მითითებულია, რომ შეკეთდა დაზიანებული მილებიც, თუმცა, მილებიდან წყალი დღესაც ჟონავს თან რამდენიმე ადგილზე.
Иგურია ნიუსმაЙ შუაფარცხმის წყალსადენი 13 თებერვალს მოინახულა. გზაზე ადვილი შესამჩნევია გახეთქილი მილები, წყალსა და ტალახში ჩაფლული, ჟანგმოკიდებულ ღია რკინის კოლოფში მოთავსებული წყლის გამზომი, დატბორილი ქუჩა და ეზოები. განსაკუთრებით თვალში საცემია სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორია.
ადგილობრივები ჩვენთან საუბრისას აღნიშნავენ, რომ მათ ეზოებთან ერთად, დარშიც და ავდარშიც, სასაფლაოც იტბორება და ხელისუფლებას, დიდი ხანია, ამ პრობლემის მოგვარებას თხოვენ. დიდი ხანია ხელისუფლებაც დახმარების პირობას დებს და ამბობს, რომ პირობას ასრულებს. დასტურად ის მოჰყავთ, რომ გასული წლის ბოლოს, შუაფარცხმის წყალსადენის სათავე ნაგებობის მოწესრიგებისთვის ტენდერი გამოაცხადეს და სამუშაოები ახლაც მიმდინარეობს. მართლაც, 2011 წლის 21 ნოემბერს ანტონ ხუნდაძესა და ინდმეწარმე ბიძინა ძნელაძეს შორის ხელშეკრულება 37 776 ლარზე დაიდო, რომლის თანახმად შუაფარცხმის წყალსადენის სათავე ნაგებობა, რეზერვუარის მკვებავი მილი და შიდა ქსელი უნდა მოწყობილიყო.
სამშენებლო სამუშაოები გასული წლის 31 დეკემბერს უნდა დასრულებულიყო, თუმცა, დღესაც დაუსრულებელია.
სამუშაოებს მინდობილობის საფუძველზე, გოჩა თოდრია აწარმოებს. ჩვენს გაზეთთან საუბრისას თოდრია ამბობს, რომ დაზიანებული მილების შეკეთება, რომელიც მოსახლეობას თავის ტკივილად ექცა, მის კომპეტენციაში არ შედის. ვადაგადაცილებაზე კი საკუთარი არგუმენტები აქვს: _ მართალია, ვადა გადასცილდა, მაგრამ ამის რეალური მიზეზები მქონდა _ გამგეობას წარვუდგინე გარემოს ეროვნული სააგენტოს ოფიციალური დასკვნა, რომელიც ადასტურებს, რომ ჩოხატაურში ნალექიანი დღეები 2011 წლის 20 ნოემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით 15 დღეს გაგრძელდა. სწორედ ეს გახდა სამუშაოების შეფერხების მიზეზი, _ აღნიშნა თოდრიამ, რომლის თქმით, ხელისუფლებამ აღნიშნული დასკვნა არ გაითვალისწინა და მას ყოველ დღე გადაცილებაზე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საურავებს არიცხავს.
დარიცხული ჯარიმები, თითქმის ორი ათასი ლარია. მუშები კი სამუშაოთა მწარმოებელს დაგროვილ დავალიანებაზეც უჩივიან. თოდრიას პასუხი ამაზეც აქვს: _ სიტყვიერი მოლაპარაკების თანახმად, ხელფასები მაშინ დარიგდება, როცა სამუშაოები დასრულდება და გამგეობა თანხას სრულად ჩამორიცხავს, _ ამბობს გოჩა თოდრია.
აღსანიშნავია, რომ ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტების თანახმად, იმ სამუშაოს შესასრულებლად, რომელსაც ინდმეწარმე ძნელაძე 37 776 ლარად ასრულებს, დაახლოებით 58 ათასი ლარია საჭირო. სამუშაოთა მწარმოებელი კი ამბობს, რომ ნამუშევარი, ტენდერის დროს მის მიერ მითითებული თანხითაც ხარისხიანი იქნება(?!). თოდრიას განმარტებით, მისი ვალდებულება სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია და შიდა ქსელის მოწყობაა: _ აუზი და იქედან გამომავალი მილები კი მე არ მეხება, _ აღნიშნავს თოდრია.
აუზი კი ღიაა ყველასთვის ხელმისაწვდომად, რაც იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ამ წყლით სარგებლობენ, საფრთხის შემცველია, რადგან ადვილი შესაძლებელია ვინმემ, თუნდაც ბოროტად იხუმროს და წყალი დააბინძუროს. ამასთან ერთად, დაზიანებულია აუზიდან გამომავალი მილები. ფარცხმელების თქმით, ამ დაზიანებულ ადგილზე ხშირად ნახულობენ პირუტყვს:
_ იმდენად დიდია დაზიანება, რომ წყალმა ღრმა ორმო გააკეთა. ამ ორმოში ბევრჯერ გვინახავს ჩაწოლილი ღორი და ძროხა, რომლებიც, ბუნებრივია, ამ წყალს აბინძურებენ. სწორედ ამ დაბინძურებულ წყალს სვამენ შუაფარცხმელები. ამის შესახებ სოფლის ხელმძღვანელობაც ბევრჯერ ჩავაყენეთ საქმის კურსში, თუმცა, რეაგირება არ ჰქონიათ, _ გვითხრა ერთ-ერთმა მცხოვრებმა, რომელიც ვინაობის გახმაურებას ზედმეტი პრობლემების თავიდან აცილების მიზნით მოერიდა.
სოფლის რწმუნებულის თანაშემწე, ზურაბ გურგენიძე ამბობს, რომ ეს პრობლემები მას არ ეხება: _ ყველა სამუშაო ინდმეწარმემ შეასრულა. მე არაფერი ვიცი, _ ამბობს ჩვენთან საუბრისას გურგენიძე.
კითხვაზე, ვინ არის პასუხისმგებელი შუაფარცხმის წყალსადენის მოვლა-პატრონობაზე, გურგენიძე ამბობს, რომ სოფლის კრების მიერ არჩეული ციალა ბერძენიშვილი; _ სოფლის კრებამ აირჩია. მან უნდა გააღოს დილით წყალსადენი, წყალი გამოუშვას და საღამოს დაკეტოს, _ განმარტა გურგენიძემ, თუმცა, ვერ გვითხრა როდის გაიმართა კრება და სად შეიძლება აღნიშნული ოქმის მოძიება.
შუაფარცხმელები ჩვენთან საუბრისას ამბობენ, რომ ამდენი თანხა წყალშია გადაყრილი და რეალურად სოფლის ნახევარს წყალი დღეში მხოლოდ რამდენიმე საათით მიეწოდება.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესამსახურის ხელმძღვანელის, თეონა ჩიგოგიძის მტკიცებით, შუაფარცხმის 260 კომლიდან წყალი 225-ს მიეწოდება. თუმცა, ჯერ კიდევ 2010 წელს, ინდმეწარმე თამაზ ტრაპაიძე, რომელმაც პირველი ეტაპის სამუშაოები შეასრულა, ჩვენს გაზეთთან საუბრისას ამბობდა: “წყალს 120 ოჯახი იღებს. წელს დაახლოებით 4 კილომეტრამდეა გაკეთებული, სამი კილომეტრი შარშან ჩავდეთ”.
მას შემდეგ არც ერთ ოფიციალურ დოკუმენტში მითითებული არ არის, რომ შიდა ქსელის მოწყობის სამუშაოები ჩატარდა (ამ სამუშაოებს ბოლო ხელშეკრულება ითვალისწინებს, რომელიც, როგორც აღვნიშნეთ, ჯერ შესრულებული არ არის და შესაბამისად, არც ქსელია გაფართოებული). აქედან გამომდინარე, წყალი ისევ 120 ოჯახს მიეწოდება. ამავეს ადასტურებს ციალა ბერძენიშვილი, რომელიც ამ ოჯახებიდან წყლის გადასახადს იღებს, რომლის ოდენობა ჩვენთვის გაურკვეველი მოტივით, გაურკვეველმა პირებმა დააწესეს _ წყლის გადასახადი ერთ ოჯახზე თვეში სამ ლარს შეადგენს.
_ 120 ადამიანი იღებს წყალს. ამდენია ჩემს სიაში. ზოგი იხდის სამ ლარს, ზოგი ორ ლარს, ზოგი არ მაქვსო და სულ არ იხდის. მამაჩემი დილით ადრე, 8 საათზე რთავს წყალს და საღამოს ხუთი საათისთვის თიშავს, _ გვითხრა ბერძენიშვილმა.
რეალურად კი, წყალი შუაფარცხმელებს, მიუხედავად დიდი დებეტისა, დღის პირველ ნახევარში, მხოლოდ რამდენიმე საათის განმავლობაში მიეწოდება. ხშირია შემთხვევები, როდესაც წყალი რამდენიმე დღის განმავლობაში არ მოდის. ბერძენიშვილისთვის გაუგებარია, ვინ არის ის დანარჩენი, თეონა ჩიგოგიძის მიერ დასახელებული 125 ადამიანი, რომელიც წყალს იღებს.
მაშინ, როცა ამ თემაზე მუშაობისას გამგეობის ადმინისტრაციულ სამსახურში დოკუმენტების მოძიებას ვცდილობდით, იქვე მყოფი ერთი ქალბატონი გაგვესაუბრა, რომელმაც გამგეობის თანამშრომლების თანდასწრებით აღნიშნა, რომ ისიც შუაფარცხმელია და წყალს უკვე მეორე წელია ითხოვს:
_ არავინ მოგატყუოთ, შვილო, სად არის წყალი?! მაგაზე ნერვიულობის გამო, კინაღამ მოკვდა კაცი. ფული აიღეს და წყალი არ არის მოყვანილი. ვინც ეგ წყალი გააკეთა, წყალშია დასახრჩობი, _ გვითხრა ქალბატონმა, რომელიც, მისივე თქმით, ნუკრი ცინცაძის ოჯახის დიასახლისია.
წყლის პრობლემაზე ხმამაღლა საუბრობს შუაფარცხმაში მცხოვრები ჯემალ ცინცაძეც: _ ეს არის არაკაცურად გაკეთებული. ყველა ასე გეტყვის ამ სოფელში, ვისაც არ უნდა ჰკითხოთ. სათავე არ იყო გაკეთებული და ისე დაიწყეს “ბასეინის” გაკეთება. ამდენი ფული დახარჯეს, ყოველ წელს ხარჯავენ და სოფელს 2 საათის განმავლობაში არ აქვს წყალი. ნაწილს გაუკეთეს და ნაწილს _ არა. ეს წყალი სოფელს უნდა მისცემოდა და წაიღეს რაიონში _ საერთო ბინაში მისცეს ერთ კაცს წყალი. ეკლესიას წყალი აქვს, საერთო ბინას წყალი აქვს, შუა ფარცხმას კი წყალი არ აქვს. რწმუნებულის თანაშემწე სადაც ცხოვრობს, იქ წყალი სულ არის _ მისთვის კუთხეში მიიყვანეს. ამის ხმამაღლა თქმა არც ინტრიგნობაა, არც “ჩაშვება” _ ეს არის რეალობა და სიმართლე, _ გვითხრა ჯემალ ცინცაძემ.
აღსანიშნავია, რომ ამ საუბარს ზურაბ გურგენიძეც ესწრებოდა, თუმცა, კომენტარის გაკეთება არ ისურვა და მხოლოდ მხრები აიჩეჩა, მე არაფერი ვიციო.
ფარცხმელები არ მალავენ, რომ უკვე ორი წელია პრობლემა მოუგვარებელია. იხსენებენ 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინა პერიოდს, როდესაც ხელისუფლება, ხმების სანაცვლოდ, წყალსადენის რეაბილიტაციას დაჰპირდა: _ გავბრიყვდით და დავუჯერეთ. აი შედეგი. დახარჯეს ფული, ღმერთმა იცის, რაზე. წყალი აქვს ნაწილს და ამ ნაწილში საჯარო პირები შედიან. წყალი შეუყვანეს, გამგებლის მოადგილეებს _ გია გიორგაძეს და დიმიტრი კორიფაძეს, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს მიხეილ უნგიაძეს (უნგიაძე და გიორგაძე შუაფარცხმაში ცხოვრობენ. ავტ.), რიგითი მოსახლეობა კი უწყლოდ დატოვეს. არ გეგონოთ, ამას გაბრაზებულ გულზე ვამბობდე და მათი ჯიბრი მქონდეს _ გიორგაძეც და უნგიაძეც ამ სოფლის მცხოვრებლები არიან და წყალი მათაც უნდა ჰქონდეთ, მაგრამ იმ ადამიანებმა რა დავაშავეთ, რომლებსაც არ გვყავს ფულიანი და გავლენიანი ახლობელი და პურის ფულის საშოვნად დღე და ღამე თოხით ვმუშაობთ?! _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ერთ-ერთმა შუაფარცხმელმა.
ჩვენს გაზეთში გამოქვეყნებულ ზემოთ აღნიშნულ სტატიაში სოფლის რწმუნებული, გია ცინცაძე ამბობდა: “ამჟამად, ასე ვთქვათ, ამ წყალსადენს პატრონი არ ჰყავს. ათ დღეში მოვაგვარებთ ამ პრობლემას, წყალმომარაგებას. მაგრამ იქნება გრაფიკით. ამის მეტი პრობლემა არ მოგვეცეს”.
ამ სიტყვებში ნამდვილად არის სიმართლე _ შუაფარცხმის წყალსადენს, რომლის გასაკეთებლად ორი წლის განმავლობაში თითქმის 129 264 ლარი დაიხარჯა (ერეკლე მრელაშვილი მთელი სოფლის უწყვეტი წყამომარაგებისთვის საჭირო თანხად 140 000 ასახელებდა), პატრონი მართლაც არ ჰყავს. 109 264 ლარს კი (თოდრიას 20 000 ლარი გამგეობიდან ჯერ კიდევ მისაღები აქვს), როგორც ჩანს, პატრონი კარგა ხანია ჰყავს _ ეს თანხა აღებული და დახარჯულია, შედეგად კი შუაფარცხმელების ნაწილს წყალი დღეში რამდენიმე საათით მიეწოდება, რომელიც როგორც გვითხრეს, დაბინძურებულია და მილები, რომლებიც ჯერ კიდევ 2010 წელს უნდა შეეკეთებინათ (მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, შეკეთებულია) დაზიანებულია. უცნობია, ვინ და როდის აღადგენს ამ მილებს. იმის გათვალისწინებით, რომ წელს არჩევნებია, არ არის გამორიცხული, შუაფარცხმაში ამჯერად მართლაც გამოჩნდეს “ცისკარა”, რომელსაც წყალსადენთან დაბანაკებული დევის თავების მოსაჭრელად რამდენიმე ათასი ლარი კიდევ დასჭირდება… სამწუხაროდ, ისევ ჩვენი ჯიბიდან!
“გურია ნიუსი” ამ თემას მალე ისევ დაუბრუნდება.