შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი 2008 წელს, აგვისტოს ომის დროს დაღუპული პოლიციელების ოჯახის წევრებს შეხვდა და მათ პირადად გაესაუბრა. შეხვედრას ესწრებოდნენ დაღუპულთა ოჯახები თბილისიდან და საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.
მინისტრმა დაღუპულთა ოჯახებს ფულადი დახმარება, აგვისტოს ომში გარდაცვლილი თანამშრომლების შვილებს კი iPad Air-ები გადასცა. დაღუპული პოლიციელის – გია რომელაშვილის შვილი, თამარ რომელაშვილი, დღეს იუბილარია. მინისტრმა მას პირადად მიულოცა დაბადების დღე და საჩუქრები გადასცა.
"მთელი საქართველო, შინაგან საქმეთა სამინისტრო, პირადად მე, პატივს მივაგებთ იმ გმირი ბიჭების სულებს, რომლებიც შეეწირნენ ჩვენი ქვეყნის მთლიანობას. ძალიან ძნელია შეუვსო სიცარიელე იმ ოჯახებს, რომელიც მათ დატოვეს თავიანთი წასვლით, მაგრამ სახელმწიფო ყოველთვის ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მაქსიმალურად შეუმსუბუქოს მათ ყოფა და დაეხმაროს ყველა პრობლემის მოგვარებაში. ასეთი ბიჭების, ასეთი გმირების მაგალითებზე უნდა იზრდებოდნენ მომავალი თაობები" – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა.
2008 წელს, რუსეთ-საქართველოს ომის დროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს 19 თანამშრომელი დაიღუპა.