1967 წლის 15 დეკემბერს, 17 წლის ვიქტორ იანუკოვიჩს, როგორც კრიმინალური ბანდის – "პივნოვკას" წევრს, ყაჩაღობის ფაქტზე, სასამართლომ 3 წლით პატიმრობა შეუფარდა. იანუკოვიჩი არასრულწლოვანთა კოლონიაში იხდიდა სასჯელს, მაგრამ, ოქტომბრის დიდი რევოლუციის 50-ე წლისთავთან დაკავშირებით, მას ამნისტია შეეხო და წლინახევრით შეუმცირდა ციხეში ყოფნის პერიოდი. შვიდთვიანი პატიმრობის შემდეგ ის სამაგალითო ქცევისთვის გაათავისუფლეს.
1970 წელს იანუკოვიჩი ხელმეორედ აღმოჩნდა განსასჯელის სკამზე და ამჯერად მას გაცილებით მძიმე ბრალდებას უყენებდნენ – ვიქტორს სხეულის განზრახ დაზიანება ედებოდა ბრალად, მაგრამ, სინამდვილეში, მას გაუპატიურებაში ადანაშაულებდნენ. თვითონ იანუკოვიჩი სასამართლოზე ამბობდა, რომ ქუჩური გარჩევების დროს, ნასვამი მამაკაცებისგან ცდილობდა ქალბატონის დაცვას და ქალს სხეულის დაზიანებაც აქედან ჰქონდა მიღებული. საბოლოოდ, სასამართლომ ორწლიანი პატიმრობა შეუფარდა იანუკოვიჩს.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იანუკოვიჩი პატიმრობის პერიოდში ციხის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობდა და მისი წყალობით ციხის უფროსობა მუდმივად საქმის კურსში იმყოფებოდა, თუ რა სიტუაცია იყო ციხის შიგნით. 1973 წელს იანუკოვიჩს ორივე ნასამართლეობა მოუხსნეს, ხოლო 1978 წელს, დონეცკის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ის გაამართლეს ყველა სტატიის თანახმად.
დღეს ყველა დოკუმენტი, რომელიც იანუკოვიჩის პატიმრობას ეხება, განადგურებულია, ხოლო მოსამართლეები, პროკურატურის თანამშრომლები და მოწმეები ცოცხლები აღარ არიან. იანუკოვიჩის პრეს-სამსახურის ცნობით, ეს ყველაფერი იმდენად დიდი ხნის წინ იყო, რომ უკრაინის ყოფილ პრეზიდენტს არ სურს რაიმე სახის კომენტარის გაკეთება, მით უმეტეს, სასამართლომ ის საბოლოოდ გაამართლა.