საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ვიცესპიკერის, გუბაზ სანიკიძის ხელმძღვანელობით, სამუშაო ვიზიტით ირანის ისლამურ რესპუბლიკაში იმყოფება.
ვიზიტის პირველ დღეს შეხვედრა ირანის ისლამური რესპუბლიკის მეჯლისის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელთან, დოქტორ ჰოსეინ მოაედინ სადრისთან და ჯგუფის წევრებთან გაიმართა.
შეხვედრაზე ირანსა და საქართველოს მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობაზე ისაუბრეს. დოქტორ ჰოსეინმა თავის მხრივ მადლობა გადაუხადა დელეგაციის წევრებს სტუმრობისთვის.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოსა და ირანს შორის ურთიერთობა ინტენსიურ ხასიათს იღებს და განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ორი ქვეყნის ისტორიაში.
ირანის მხარის ინიციატივით, ირანსა და საქართველოს შორის ამჟამად არსებული წლიური 200-მილიონიანი სავაჭრო ბრუნვა მომავალ წლებში გაათმაგდეს და მიაღწიოს 2 მილიარდ დოლარს. ასევე დაისვა ნავთობის, გაზის და ელექტროენერგიის ვაჭრობის საკითხი.
შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს სარწყავი წყლის საქართველოდან ირანისთვის მიწოდების საკითხზე, ასევე განიხილეს საქართველოს გავლით ტრანსპორტირების გაზრდის შესაძლებლობებიც. მხარეებმა აღნიშნეს, რომ მსგავსი პროექტები დადებითად აისახება ორივე ქვეყნის ეკონომიკაზე, ირანელ მოქალაქეებზე და ასევე რეგიონიში მცხოვრებ ყველა ერზე.
შეხვედრის დასრულების შემდეგ დელეგაციის წევრებმა ირანის მეჯლისთან არსებული პარლამენტარიზმის მუზეუმი დაათვალიერეს.