რუსეთის პრემიერ-მინისტრმა, დიმიტრი მედვედევმა FACEBOOK-ის გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში 2008 წლის აგვისტოს ომზე ისაუბრა და საქართველო სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ ომის წამოწყებაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა.
"საქართველოს სამხედრო აგრესიიდან სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ 7 წელი გავიდა. 2008 წლის 8 აგვისტოს გამთენიისას საქართველოს არმია მძიმე არტილერიის, ტანკებისა და ავიაციის გამოყენებით, ცხინვალში საცხოვრებელ სახლებს, საავადმყოფოებს და სკოლებს თავს დაესხა“, _ აღნიშნულია განცხადებაში.
მისივე თქმით, რუსეთმა საქართველოს მკაცრი და ადეკვატური პასუხი გასცა, რათა თავიდან ჰუმანიტარული კატასტროფა აეცილებინა.
"რამდენიმე საათში ათასობით მოქალაქე დაიღუპა და დაშავდა, მათ შორის რუსი სამშვიდობოები, რომელთა მიზანი გაეროს მანდატის შესაბამისად მშვიდობის უზრუნველყოფა იყო. მათი მკვლელობა საერთაშორისო სამართლის ყველაზე უხეში სამართალდარღვევაა, რომელსაც რუსეთმა მკაცრი, მაგრამ ადეკვატური პასუხი გასცა. რუსეთის მთავარი მიზანი იყო, რომ თავიდან აეცილებინა ჰუმანიტარული კატასტროფა და სიცოცხლის დაკარგვა“, _ აღნიშნავს მედვედევი.
რუსეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებაში ასევე წერია, რომ შიდა კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარება ერის დაცვის ერთადერთი გზაა.
"ჩვენი ქვეყანა კავკასიაში ყოველთვის მშვიდობას ესწრაფოდა. დღეს ჩვენ ვეხმარებით აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს სტაბილური და უსაფრთხო გარემოს აშენებაში. უახლესმა მოვლენებმა ცხადყო, რომ შიდა კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარება არის ერთადერთი გზა რომ ერი დაიცვა.“_ წერს მედვედევი.