"კანონი ყველასთვის კანონია და ის ყველამ უნდა დაიცვას, წინააღმდეგ შემთხვევაში ყველა აგებს პასუხს მის წინაშე", _ამ სიტყვებით დაიწყო პრესკონფერენცია ქალაქ ოზურგეთის მერმა ბეგლარ სიორიძემ. ის სპორტსმენების დღევანდელ შეკრებას გამოეხმაურა და მათ ოფიციალურად უპასუხა.
სიორიძის თქმით, კომპლექსის მშენებლობა ერთ-ერთი მუნიციპალური პროექტია, რომლისთვისაც საქართველოს მთავრობის N34 განკარგულებით 264 000 ლარი გამოიყო. ამჟამად მერია სპორტული კომპლექსის მოსაწყობად საჭირო ინვენტარის შეძენასთან დაკავშირებით 37 110 ლარიან ტენდერს აცხადებს.
"სპორტი ოზურგეთში ყოველთვის იყო და იქნება ერთ-ერთი პოპულარული სფერო. ამის დასტურია სხვადასხვა სპორტული სკოლა და ცენტრი, რომელიც ოზურგეთში საკმაოდ წარმატებულად ფუნქციონირებს. ამ მიმართულების თვალსაჩინო ნაწილია სპორტული კომპლექსი რუსთაველის ქუჩაზე, რომლის მშენებლობა მალე დასრულდება და ოზურგეთს გამორჩეული, სხვადასხვა ფუნქციით დატვირთული, სარელაქსაციო და სავარჯიშო კომპლექსი ექნება.
მინდა გითხრათ, რომ კომპლექსი დატვირთული იქნება სპორტის სხვადასხვა სახეობით და აღნიშნული შენობით ყველა სპორტსმენი თუ სპორტის მოყვარული ისარგებლებს. ჩვენ ვთვლით, რომ აქცენტი არ უნდა გაკეთდეს მხოლოდ ოლიმპიური კომიტეტის წევრებსა და სპორტსმენის პროფესიის მქონე ადამიანებზე. სპორტული კომპლექსი წარმოადგენს ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებას და მისით ყველა მსურველმა უნდა ისარგებლოს", _ აღნიშნა სიორიძემ პრესკონფერენციაზე.
მისივე განცხადებით, ის ძალიან დიდ პატივს სცემ სპორტსმენებს, ადამიანებს, რომლებიც ჩვენს ქვეყანას და ქალაქს ასახელებენ და საამაყო მიღწევებიც აქვთ, მაგრამ სახელმწიფო თანხებით აშენებული კომპლექსის პირად საკუთრებად განხილვა, საუბარი ფრაზებით ‘’ჩვენ დათმობას არ ვაპირებთ, ჩვენ ოჯახში გვივარდებიან’’, ‘’თავიდანვე ჩვენი იყო, ჩვენი აშენებულია ეს კომპლექსი’’ და ა.შ. მისი აზრით, არასწორია.
„არავის არაფერს ვართმევთ, კომპლექსი ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაა. ჩვენთვის გაუგებარია თუ საიდან და რა თანხა, როგორც თავად ამბობს, "იჩალიჩა" ბატონმა ლაშა ლომაძემ და იქნებ ერთი დოკუმენტი მაინც წარმოადგინოს ამასთან დაკავშირებით. კომპლექსის რემონტთან დაკავშირებული ფინანსური დოკუმენტი ნამდვილად არსებობს და მასში თვალნათლივ არის მითითებული, რომ თანხა დაიხარჯა ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან.
გაუგებარია ბატონი ლაშა ლომაძის პოზიცია, რომელიც აცხადებს, რომ თითქოს, მისი პირადი თანხებია ჩადებული აღნიშნული შენობის რემონტში. საინტერესოა, რატომ დახარჯა ლაშა ლომაძემ სახელმწიფო ქონების რემონტში თუნდაც ერთი თეთრი და თუ დახარჯა, წარმოადგინოს თუნდაც ერთი დოკუმენტი", _ აღნიშნა სიორიძემ და დასძინა, რომ ოლიმპიურ კომიტეტს თხოვნითაც კი არ მოუმართავს ქალაქის მერიისთვის ფართის გადაცემის თაობაზე.
„მინდა მოვუწოდო იმ ადამიანებს, რომლებიც, ნებსით თუ უნებლიეთ, ამ გაურკვეველ ვითარებაში მოყვნენ. ნუ გადადგამენ ისეთ ნაბიჯს, რომელიც მათი მხრიდან მართლსაწინააღმდეგო იქნება.
და ბოლოს, ქალაქის მერია ყოველთვის იდგა და ხვალაც ყველაფერს გააკეთებს ჩვენს ქალაქში სპორტის განვითარებისთვის. ამის დასტურია ოზურგეთში მრავალი პროექტის განხორციელება, რომელიც სწორედ ამ მიმართულებაზეა გათვლილი. მაგრამ არავის მივცემთ უფლებას, სახელმწიფოს წინააღმდეგ შანტაჟი განახორციელოს და ამ გზით ჩაიგდოს ხელში მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული თუნდაც 1 კვ.მ. რამე სახის შენობა-ნაგებობა თუ მიწის ნაკვეთი. კანონი ყველასთვის კანონია და ყველა ვალდებულია, იმოქმედოს მის შესაბამისად"– განაცხადა ბეგლარ სიორიძემ პრესკონფერენციაზე.
ამავე თემაზე:
რა გახდა ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტსა და მერს შორის დაპირისპირების მიზეზი