აღმოსავლეთ უკრაინაში საბრძოლო შეტაკებების შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა. დაღუპულებს შორის ორი უკრაინელი სამხედროა, დანარჩენები კი მშვიდობიანი მოქალაქეები არიან. დაბომბვის შედეგად ასევე საცხოვრებელი სახლებიც დაზიანდა და განადგურდა.
BBC-ის ინფორმაციით, ვიდრე რუსეთის პრეზიდენტი მოსკოვის მიერ ანექსირებულ ყირიმს სტუმრობდა, რუსულმა მხარემ განაცხადა, რომ უკრაინელების მიერ ახალი საბრძოლო იერიში მზადდება, თუმცა კიევმა ამბოხებულები მარიუპოლიდან რამდენიმე მილის მოშორებით გარეუბნების დაბომბვაში დაადანაშაულა.
კიევის ხელისუფლების განცხადებით, მარიუპოლის გარეუბნებში, სარტანასა და ლებედინსკში ინტენსიური ცეცხლია გახსნილი.
პუტინის თქმით, შექმნილი ვითარება ეთნიკური სტატუსის მქონე ჯგუფებისთვის განსაკუთრებით საშიშია.
„უკრაინის ხელისუფლება ნელ-ნელა უცხო ქვეყნის მოქალაქეებით ივსება.“_ განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ის ოდესის გუბერნატორად დაინიშნა, თუმცა მანამდეც, სამი უკრაინელი მინისტრი უცხოეთში დაბადებულები იყვნენ.
მაუწყებლის ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ, პუტინის ყირიმში ვიზიტს „ცივილიზებული მსოფლიოს გამოწვევა“ უწოდა.
კიევის, დასავლეთის ქვეყნების მთავრობებისა და ნატო-ს თქმით, მიუხედავად რუსული მხარის უარყოფისა, არსებობს უტყუარი მტკიცებულებები, რომ რუსეთის რეგულარული ჯარები სეპარატისტებს შეიარაღებაში ეხმარებიან.
გაერო-ს გასული თვის ბოლო მონაცემებით, აღმოსავლეთ უკრაინაში მას შემდეგ რაც 2014 წლის აპრილის შუა რიცხვებში ბრძოლა დაიწყო, 7000 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 17 000-ზე მეტი კონფლიქტის შედეგად დაშავდა.