ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის, საფეხბურთო კლუბ "გურიას" პრეზიდენტის ზაზა ურუშაძის თქმით, მერაბ ჟორდანიასთან შეხვედრისას, რომელსაც ექვსი კაცი ესწრებოდა კლუბის სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს.
"საუბარი შეეხო მხოლოდ ფეხბურთის განვითარებას ლანჩხუთში, კლუბ "გურიას" გეგმებს და სამომავლო პრესპექტივებს. შეხვედრაზე საარჩევნო თემებზე საუბარი არ ყოფილა", – გვითხრა ზაზა ურუშაძემ.
კითხვაზე: არჩევნების მოახლოვებამდე რატომ არ დაინტერესდა მერაბ ჟორდანია "გურიათი"? – ურუშაძე გვპასუხობს: მართლა არ ყოფილა სხვა თემებზე საუბარი. მერაბი ლანჩხუთელია, დიდი ხანი თამაშობდა "გურიაში". მას, რომ აინტერესებს რა ხდება ჩვენთან – ამაში გასაკვირი არაფერია.
მისივე თქმით, მერაბ ჟორდანია სხვადასხვა მუნიციპალიტეტების საფეხბურთო კლუბებსაც ესტუმრება უახლოეს ხანებში. "გურიას" პრეზიდენტი ჯერჯერობით არ აკონკრეტებს დაუჭერს თუ არა არჩევნების დროს მხარს მერაბ ჟორდანიას.
"ხმის მიცემის უფლება მხოლოდ გურიის ფეხბურთის ფედერაციას აქვს, თუმცა ლანჩხუთის "გურია" უკვე მიმართა სფფ-ს იმისთვის, რომ მოგცენ ხმის მიცემის უფლება არჩევნებში. მათგან ველოდებით პასუხს", _ ამბობს ლანჩხუთის გამგებელი და დასძენს, რომ დადებითი პასუხის შემთხვევაში მისი მხარდაჭერა კანდიდატთა პროგრამაზე იქნება დამოკიდებული.
კითხვაზე: ლანჩხუთელობის გამო თავის სიმპათიას მერაბ ჟორდანია ხომ არ დაიმსახურებს? – ურუშაძე ამბობს:
"ყველა კანდიდატს ვიცნობ პირადად. პირადი ნაცნობობა არაფერ შუაშია, მხარს დავუჭერ იმას, ვინც ყველაზე უკეთ წარმოადგენს ფეხბურთის განვითარების სტრატეგიას და პრობლემების მოგვარების გეგმებს", _ აღნიშნა "გურია ნიუსთან" საუბრისას ზაზა ურუშაძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს მერაბ ჟორდანიამ ლანჩხუთის გამგებელთან შეხვედრის შემდეგ პირველად დაადასტურა, ფეხბურთს ფედერაციის პრეზიდენტობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.
პრეზიდენტობა ასევე სურს რეზი არველაძეს და ლევან კობიაშვილს.