მართლმადიდებლური სამყარო რამოდენიმე საათში ფერისცვალების დღესასწაულს იზეიმებს. ის 12 უდიდეს, საუფლო დღესასწაულთა შორის ერთ-ერთია. ამ დღეს თაბორის მთაზე იესო ქრისტემ სამი მოწაფის – პეტრეს, იაკობისა და იოანეს წინაშე ფერი იცვალა და თავისი ღვთაებრივი დიდებულება აჩვენა.
ამ დღესასწაულზე ქვეყანაში მოქმედ ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში ხილი იკურთხება.
ხილის შეწირვის ტრადიცია სათავეს ძველი აღთქმიდან იღებს, როცა კაენმა და აბელმა უფალს ხილი შესწირეს. უფალმა ადამიანებს სამოქმედოდ და საშრომლად მიწა მისცა, ამიტომ პირველი ადამიანები, რასაც ამ მიწიდან შრომის შედეგად ნაყოფის სახით იღებდნენ, მის გარკვეულ ნაწილს სამადლობელის მიზნით, უფალს სწირავდნენ.
ფერისცვალების დღესასწაულზე მრევლს ტაძარში მოაქვს ხილი, რომელიც იკურთხება და მას სწირავენ ეკელსიას, ან ისევ სახლში მიაქვთ.
ფერისცვალების დღესასწაული თევზით ხსნილია.
შემოქმედის ეპარქიის ღვთისმსახურებისა და მრევლის დიდი ნაწილი ტრადიციულად, ამ დღესასწაულს ბახმაროში, ზღვის დონიდან 2050 მეტრზე მდებარე ფერისცვალების სახელობის ტაძარში აღნიშნავს.