თბილისის მერი დავით ნარმანია მთავრობის სხდომაზე ზალდასტანიშვილის ქუჩის 19 ნომერში ხეების მოჭრის ფაქტს გამოეხმაურა.
დავით ნარმანიას განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მერიამ ნებართვა გასცა მხოლოდ ზეხმელი ხეების მოჭრასთან დაკავშირებით, ზალდასტანიშვილის ქუჩაზე გადამხმარ ხეებთან ერთად 21 ფიჭვის საღი ხე მოიჭრა.
"ადგილი ჰქონდა თვალთმაქცობას, კერძოდ, მუნიციპალიტეტისთვის თვალის ახვევის მცდელობას, რაც მინდა მკაფიოდ განვაცხადო, რომ არავის ეპატიება. ჩვენ გავეცით მხოლოდ ზეხმელი ხეების მოჭრის ნებართვა, თუმცა მოქალაქეების მიერ რომელთაც გააჩნიათ მშენებლობის განზრახვა, საღი ხეები იქნა მოჭრილი. ჩვენს მიერ დაუყოვნებლივ მოხდა რეაგირება" – განაცხადა ნარმანიამ.
როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, მის ხელთ არსებული ინფორმაციით, აღნიშნული ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, ამიტომაც მასალები შემდგომი რეაგირებისთვის საგამოძიებო უწყებებს დღესვე გადაეგზავნება.
"ამ ქალაქში არავის ეპატიება ხეების უკანონო ჭრა. ყველა მკაცრად დაისჯება. ეს იქნება ჩვენი შეუვალი და უცვლელი პოზიცია"- განაცხადა დავით ნარმანიამ.