საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები დღეს, გამთენიისას საფრანგეთში, ისტორიულ ქალაქ რუანში გაემგზავრა, სადაც ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ ციკლში მორიგ საკონტროლო მატჩებს გამართავს.
საქართველოს ნაკრები მონაწილეობას მიიღებს რუანის საერთაშორისო ტურნირში, რომელშიც იგორ კოკოშკოვის გუნდთან ერთად ბელგიისა და მასპინძელი საფრანგეთის ეროვნული ნაკრებები ითამაშებენ.
„კინდარენაზე“, სადაც ტურნირის მატჩები უნდა გაიმართს, საქართველოს ნაკრების ვარჯიში დღეს, თბილისის დროით 22:40 საათზეა დაგეგმილი. ტრავმირებული არავინაა. თორნიკე შენგელია, რომელსაც ტრავმა აწუხებდა, თავს კარგად გრძნობს და სავარაუდოდ, ორივე ამხანაგურ მატჩში ითამაშებს. თუმცა, დაზღვევის მიზნით, შენგელია ტრავმირებულ ფეხის კუნთზე საფრანგეთში კიდევ ერთხელ გაივლის სამედიცინო დიაგნოსტიკას და მისი რუანში თამაშიც საბოლოოდ ამის მერე გადაწყდება.
საქართველოს ნაკრები ბელგიას 20 აგვისტოს, თბილისის დროით 22:45 საათზე შეხვდება, ხოლო საფრანგეთთან კოკოშკოვის გუნდი 21-ში 22:00 საათზე ითამაშებს.