საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ ივლისში მომზადებული ანგარიშის მიხედვით, ამერიკელებმა იმდენი ვალი და ფინანსური ვალდებულება დააგროვეს, რომ მომავალ ხარჯებსა და შემოსავლებს შორის განსხვავება მალე მთლიანი შიდა პროდუქტის 14 პროცენტი გახდება.
ამის შესახებ გავლენიანი ამერიკული გაზეთი "ვაშინგტონ თაიმსი" იუწყება.
ფინანსური ხარჯების ზრდის მთავარი მიზეზი ჯანდაცვაზე ხარჯების ზრდაა. გადახდის ვალდებულება ამ სფეროში 18 პროცენტს შეადგენს. ეს ნიშნავს, რომ აღნიშნული პროგრამის ვალდებულება 2050 წლისთვის ფედერალურ ხარჯებს საშინლად გაზრდის. თუ ამას ვალის მომსახურების ხარჯსაც დავუმატებთ 2026 წლამდე, კრიზისი გარდაუვალი იქნება, – აღნიშნულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიშში, რომელიც ივლისში გამოქვეყნდა.
სხვაგვარად რომ ვთქვათ, ჩვენ უსწრაფესად ვუახლოვდებით ახალ ფინანსურ კრიზისს, ზუსტად იმგვარს, რომელმაც საბერძნეთში მასობრივი არეულობები გამოიწვია. იმის გამო, რომ ამერიკის ხელისუფლება მილიარდებს ხარჯავს არა მხოლოდ სავალდებულო პროგრამებზე, სამაგიეროს გადახდის დღე შესაძლოა, მომავალ ათწლეულში უკვე დადგეს.
მოხსენების ავტორები უკმაყოფილებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ პრეზიდენტი ბარაკ ობამა არნახულ თვითდაჯერებულობას იჩენს. მან მხოლოდ ამ წელს დამატებით მილიარდ-ნახევარი დოლარი დახარჯა ქვეყნის ბიუჯეტიდან. იმის გამო, რომ რეალობის უგულებელყოფა ხდება, საბერძნეთის მოვლენები ამერიკას წინ ელის, ასკვნის – "ვაშინგტონ თაიმსი".