თურქეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, გურიის დელეგაციის წარმომადგენლებმა ქალაქ ორდუში მართლმადიდებლური ტაძარი მოინახულეს, რომელიც 1868 წელს ბერძნებმა და ქართველებმა ერთობლივად ააშენეს.
ხსენებული ტაძარი ნახევარკუნძულზე, იასონის კლდეზე, სოფელ ჩაიტეპეში მდებარეობს და რეგისტრირებულია, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი.
მოგვიანებით, გურიის დელეგაცია ორდუში, სოფელ კაბაღდარში ქართველ მოსახლეობას შეხვდა. კაბაღდარში სულ 300 ადამიანი ცხოვრობს. თურქეთის ხელისუფლება აღნიშნული ოჯახების მიმართ განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენს. გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე და ქალაქ ოზურგეთის მერი ბეგლარ სიორიძე ერთ-ერთი ადგილობრივის, ალისამ ბეშიქ-დიასამიძის ოჯახს ესტუმრნენ.
"მოხარული ვარ, რომ ქართულმა დელეგაციამ ჩვენი მონახულების სურვილი გამოხატა. მე, ხშირი ურთიერთობა მაქვს საქართველოსთან. ვცდილობ ხშირად ვესტუმრო ჩემს მშობლიურ ქვეყანას. თავს მარტოდ არ ვგრძნობთ. ჩვენს გვერდით საქართველოა", _ აღნიშნა ალისა ბეშიქ-დიასამიძემ.
"ჩემთვის დიდი პატივია ამ არაჩვეულებრივი ადამიანების გვერდით ყოფნა. როგორც ადგილობრივი ქართველები გვეუბნებიან თურქეთის ხელისუფლება მათ მაქსიმალურად მხარში უდგას, რაც ჩვენი მხრიდან დასაფასებელია. სურვილი აქვთ სოფელში ქართული ტრადიციული სახლები აშენდეს, ეს მათი მხრიდან სამშობლოს სიყვარულის და მონატრების ნიშანია. საქართველოში სტუმრობა მათ გულწრფელად შევთავაზეთ. სასიამოვნო იქნება, თუ ამ მოწვევას მიიღებენ,", _ განაცხადა გურიის გუბერნატორმა.
"ძალიან ნასიამოვნები ვბრუნდები გურიაში. აქ თითქმის მთელი სოფელი ქართველებით არის დასახლებული. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ასეთი თბილი დახვედრისთვის. მიხარია, რომ მიუხედავად სამშობლოსგან ამდენწლიანი სიშორისა, ქართველობა შენარჩუნებული აქვთ და ცდილობენ ტრადიციები არ დაკარგონ",_ აღნიშნა ქალაქ ოზურგეთის მერმა.
(R)

















































.jpg_11635.jpg)











