ადამიანის უფლებათა ცენტრმა დაიწყო შეწყალების მექანიზმის უცხოური მოდელების კვლევა, ევროპის 8 ქვეყნის გამოცდილების მაგალითზე. შედარებითი სამართლის სპეციალისტი შეისწავლის პოლონეთის, ჩეხეთის, რუმინეთის, ბულგარეთის, ხორვატიის, ირლანდიის, ავსტრიისა და უნგრეთის შეწყალების მექანიზმის მოდელებს.
ადამიანის უფლებათა ცენტრი ახორციელებს პროექტს – "შეწყალების მექანიზმის კვლევა საქართველოში", რომლის ფარგლებში, სხვადასხვა დემოკრატიული ქვეყნების მოდელების საფუძველზე, ორგანიზაცია შეისწავლის საქართველოში არსებულ შეწყალების მოდელს, მისი დადებითი და უარყოფითი მხარეების გამოსავლენად. პროექტის მიზანია შეწყალების მექანიზმის გამჭვირვალე და ეფექტური ფუნქციონირების ხელშეწყობა.
კვლევის პერიოდში მოხდება პრობლემების იდენტიფიცირება და შემუშავდება ოპტიმალური მოდელი. რეკომენდაციები მიეწოდება პრეზიდენტის ადმინისტრაციას, შეწყალების კომისიას და სხვა სამიზნე ჯგუფებს.
ადამიანის უფლებათა ცენტრს აქვს შეწყალების საქმეებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება, რა დროსაც პრაქტიკაში გამოიკვეთა მთელი რიგი პრობლემები. მაგალითად, არის შემთხვევები, როცა შეწყალების კომისია მსჯავრდებულის შეწყალებაზე ერთხმად გასცემს დადებით დასკვნას, მაგრამ პრეზიდენტი უარს აცხადებს შეწყალებაზე. რიგ შემთხვევებში, კომისია ერთხმად იღებს უარყოფით გადაწყვეტილებას, მაგრამ პრეზიდენტი მაინც იწყალებს მსჯავრდებულს. ზოგჯერ, პრეზიდენტი იწყალებს მსჯავრდებულებს შეწყალების კრიტერიუმების დაუცველად, განსაკუთრებული გარემოებების საფუძველზე. "განსაკუთრებული გარემოება" გაწერილია დებულებაში, მაგრამ არ არის ნათელი და განჭვრეტადი მისი შინაარსი, რის გამოც მსჯავრდებულებს კითხვები უჩნდებათ.
მიუხედავად იმისა, რომ შეწყალება პრეზიდენტის ექსკლუზიური კონსტიტუციური პრეროგატივაა, ზემოთ აღნიშნული და სხვა მსგავსი საკითხები საჭიროებს შესაბამის საკანონმდებლო რეგლამენტაციას, რათა შეწყალების პროცედურები იყოს უფრო გამჭვირვალე და გასაგები მოქალაქეებისათვის.
კვლევის შედეგების პრეზენტაცია და რეკომენდაციების ადვოკატირება ხელს შეუწყობს საზოგადოების ინფორმირებას და ცნობიერების ამაღლებას შეწყალების მექანიზმთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ, ასევე – თავად ამ მექანიზმის დახვეწასა და რეფორმირებას.
პროექტის განხორციელება შესაძლებელი გახდა ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს" ფინანსური მხარდაჭერით.