ლანჩხუთში გურიის რეგიონული ფეხბურთის ფედერაციის ოფისთან, გუშინ, ხმაურიანი შეხვედრის შედეგი გამოდგა ის მოხსენებითი ბარათი, რომელიც საფეხბურთო კლუბ ლანჩხუთის „გურიას“ სოციალურ გვერდზე გავრცელდა.
ბარათის მიხედვით, გრფფ -ს გამგეობის ოთხ წევრს მიაჩნია, რომ გრფფ – ს პრეზიდენტმა კახა ებრალიძემ უკანონოდ, ფედერაციის წესდების უხეში დარღვევით, მიიღო ერთპიროვნული გადაწყვეტილება, გამგეობის წევრების თანხმობის გარეშე და პრეზიდენტობის კანდიდატად უკანონოდ წარადგინა რევაზ არველაძე, ხოლო დელეგატად ხმის უფლებით, გოჩა ტყებუჩავა.
"მოგახსენებთ, რომ გრფფ–ს პრეზიდენტმა კახა ებრალიძემ უკანონოდ, ფედერაციის წესდების სრული დარღვევით მიიღო ერთპიროვნული გადაწყვეტილება. ჩვენი (გამგეობის წევრების) თანხმობის გარეშე და სფფ პრეზიდენტობის კანდიდატად უკანონოდ წარადგინა რევაზ არველაძე, ხოლო დელეგატად ხმის უფლებით კი გოჩა ტყებუჩავა.
აღნიშნულმა ფაქტმა ჩვენში გამოიწვია დიდი უკმაყოფილება, რის გამოც 2015 წლის 27 აგვისტოს შევიკრიბეთ ქ. ლანჩხუთში, სადაც დავაფიქსირეთ ჩვენი კანონიერი პოზიცია, რაც გამოიხატება იმაში, რომ სრულ უნდობლობას ვუცხადებთ გრფფ პრეზიდენტს კახაბერ ებრალიძეს, მის მიერ უკანონო, ერთპიროვნული გადაწყვეტილების მიღების გამო. მიგვაჩნია, რომ კ. ებრალიძემ უხეშად დაარღვია როგორც საქართველოს, ასევე გურიის რეგიონალური ფედერაციის წესდების მოთხოვნები.
მოვითხოვთ, ჩატარდეს გამგეობის ხელახალი სხდომა, სადაც კანონის სრული დაცვით წარდგენილი იქნება როგორც პრეზიდენტობის, ისე დელეგატის კანდიდატურა, რისთვისაც წინასწარ გიხდით მადლობას", _ წერია მოხსენებით ბარათში, რომელსაც ხელს აწერენ _ გრიშა თოდრია, იური ჩხაიძე, ბენია თავბერიძე და ამირან ვანიძე.
აღნიშნულ მოხსენებით ბარათთან დაკავშირებით „გურია ნიუსი“ კახა ებრალიძეს დაუკავშირდა, რომელიც დებულების დარღვევას კატეგორიულად უარყოფს.
"მე ოფიციალურად ეს დოკუმენტი არ მიმიღია და როგორც მომივა ოფიციალურადვე პასუხს გავცემ. მანამდე კი ვიტყვი, რომ დებულებაში არსად არ მიწერია ჩემი ეს გადაწყვეტილება გამგეობის წევრებთან რომ უნდა შემეთანხმებინა. ჰოდა, ვერ გავიგე, რატომ დავარღვიე უხეშად წესდება და რატომ არის ეს გადაწყვეტილება უკანონო", _ განაცხადა ებრალიძემ.