გურიის გუბერნატორის მოადგილის სოსო ერქომაიშვილის კაბინეტში ამ წუთებში გურიის ფეხბურთის ფედერაციის გამგეობის წევრები იმყოფებიან. შეხვედრას სუს-ის თანამშრომელი ირაკლი ანდღულაძეც ესწრება.
ჩვენი კორესპონდენტის კითხვაზე _ რა თემაზე იმართება შეხვედრა, რომელსაც სუს-ის წარმომადგენელიც ესწრება, სოსო ერქომაიშვილი პასუხობს, რომ "ჩვეულებრივი, სამუშაო შეხვედრაა", თუმცა როდის შემდეგ ესწრება "ჩვეულებრივ სამუშაო შეხვედრებს" სუს-ის წარმომადგენელი უპასუხოდ რჩება.
აღსანიშნავია, რომ ჩვენ კორესპონდენტს შეხვედრაზე დასწრების საშუალებას არ აძლევენ. უფრო მეტიც, მიუხედავად ერქომაიშვილის პირობისა, რომ შეხვედრაზე მყოფ ადამაინებთან "გურია ნიუსს" კითხვის დასმის საშუალება მიეცემოდა, ეს ვერ შევძელით. ბოლო წუთებში გუბერნატორის მაოდგილემ ოთახში შესვლაზე უარი გვითხრა.
შეხვედრა ერთს საათზე მეტია მიმდინარეობს და ჩვენი წყაროს ცნობით გურიის ფეხბურთი ფედერაციის პრეზიდენტის კახა ებრალიძის გადაყენების საკითხი განიხილება.
ებრალიძემ ცოტა ხნის წინ ერთპიროვნული გადაწყვეტილებით ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატად რევაზ არველაძე წარადგინა, რამაც გამგეობის წევრების უკმაყოფილება გამოიწვია.
ებრალიძე ამბობს, რომ მას ამის უფლება დებულებით ჰქონდა, თუმცა საწინააღმდეგოს ამტკიცებენ გამგეობის წევრები.