თბილისის ვიცე-მერობის კანდიდატი, ვაკის რაიონის ყოფილი გამგებელი ლაშა აბაშიძე არანაირ უძრავ-მოძრავ ქონებას არ ფლობს.
ამის შესახებ აბაშიძის 2015 წლის 18 მაისს შევსებულ დეკლარაციაშია აღნიშნული.
როგორც დეკლარაციიდან ირკვევა, ოჯახის უძრავ-მოძრავი ქონება აბაშიძის მეუღლის, ნატალია მეძმარიაშვილის საკუთრებაშია.
კერძოდ, მის სახელზეა 150 კვ.მ და 70კვ.მ-ის ფართობის ბინები თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე.
120 კვ.მ-ის ფართობის საცხოვრებელი სახლი და 602.კვ.მ-ის ფართობის მიწა ბეთანიაში. ასევე, იგი ფლობს 2007 წელს გამოშვებული მსუბუქი ავტომანქანა toyota rav 4-ს.
რაც შეეხება ოჯახის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში, ლაშა აბაშიძის სახელფასო ანგარიშზე თი-ბი-სი ბანკში 1179.00 ლარი, ამავე ბანკის საკრედიტო ანგარიშზე 10 600.00 ლარი, ხოლო ანაბარზე 18659.00 დოლარი ირიცხებოდა.
შემოსავლის სახით, დეკლარაციაში მხოლოდ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან მიღებული თანხა – 39847.00 ლარია მითითებული, რასაც ის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობიდან იღებდა.
გარდა ამისა, დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ აბაშიძემ 2014 წლის 16 ოქტომბერს 85 000 ლარად ბინა გაყიდა.
რაც შეეხება 2015 წლის 11 მაისს, თი-ბი-სი ბანკიდან აღებულ 15 000 ლარიან სესხს, დეკლარაციის შევსების მომენტში, მის დასაფარად რაიმე სახის პროცენტი გადახდილი არ ჰქონდა.