ქვეყანას, რომლის სამზარეულოსაც ფეოდალური საქართველოს სუფრის კერძები მთელი სრულყოფილებით შემორჩა, ვერავინ გააკვირვებს სიახლეებით ან ძველის ისევ გახსენებით. თუმცა, მე მაინც შემოგთავაზებთ საინტერესო, გემრიელი და საჭირო მასალის შესაბამისად, საკმაოდ ხვავრიელი კერძის რეცეპტს, რომელსაც, როგორც ბებიისგან მახსოვს, “ჩუშტარი” ჰქვია და ახლაც ხშირად ვამზადებ.
საჭირო მასალა:
2 სუფრის კოვზი პურის ფქვილი, 2 თავი საშუალო ზომის ხახვი, 4 ცალი კვერცხი, 2 სუფრის კოვზი გატარებული ან ჩანაყილი ნიგოზი, ცოტა ნიორი, უცხო სუნელი, ხმელი ქინძი, მწარე წიწაკა, მარილი გემოვნებით. (შეგიძლიათ, გააორმაგოთ, ეს თქვენს სურვილზეა დამოკიდებული).
მომზადების წესი:
პურის ფქვილი მოვხალოთ ტაფაზე, ოდნავ შეწითლდეს და გადავდოთ. ცალკე, ზეთში ან კარაქში მოვშუშოთ, წვრილად დაჭრილი ხახვი, არ გაწითლდეს. ხახვის მოშუშვის პროცესში ავთქვიფოთ კვერცხი, გავქნათ მასში ჯერ პურის ფქვილი, შემდეგ ნიგოზი, მითითებული სანელებლები. შეიძლება, ოდნავ ანადუღები წყალიც დავამატოთ და დავასხათ ტაფაზე, რომელზეც მოთუშული ხახვი გვაქვს. დავახუროთ ხუფი და ნელ ცეცხლზე ვშუშოთ. რამდენიმე წუთში გადავაბრუნოთ, მჭადის მსგავსად, ძალიან მალე მზად იქნება. შემდეგ გადმოვიღოთ სინზე და დავჭრათ ზომებად.
“ჩუშტარი” ნიგვზის გარეშეც კეთდება, მხოლოდ მოხალული პურის ფქვილის შერევით, თუმცა ნიგვზით შეზავებული, გაცილებით გემრიელია, ნოყიერი და რაც მთავარია, სასარგებლო. ამასთანავე სასტუმრო სუფრაზეც მისართმევი.