გვატემალას პრეზიდენტმა, ოტო პერეზ მოლინამ პოსტი დატოვა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მაუწყებლის ცნობით, პროკურორები პერეზ მოლინას მილიონობით დოლარის თაღლითური გზით მითვისებაში ადანაშაულებენ.
როგორც ცნობილია, პრეზიდენტი ბრალდებას უარყოფს.
მისი გადადგომიდან რამდენიმე საათის შემდეგ მოსამართლემ ყოფილი პრეზიდენტის დაპატიმრების ორდერი გასცა.
"მან გადადგომა გადაწყვიტა, რომ მის წინააღმდეგ აღძრულ სასამართლო დევნას დაუპირისპირდეს", _ განაცხადა პრეზიდენტის სპიკერმა.
როგორც ცნობილია, პერეზ მოლინა საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე გადადგა, სადაც კონსტიტუციიდან გამომდინარე მონაწილეობის მიღება არ შეუძლია.
გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყანაში პრეზიდენტის მოვალეობას ვიცე-პრეზიდენტი ალეხანდრო მალდონადო შეასრულებს, ვიდრე 14 იანვარს ახლად არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია გაიმართება.