"ეროვნული ბანკის შესახებ" კანონში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია.
ცნობისთვის, პარლამენტმა პრეზიდენტის შენიშვნები და რეკომენდაციები საერთოდ არ გაიზიარა.
თავდაპირველად კენჭი ეყარა პრეზიდენტის მიერ წარდგენილ პროექტს, რომელსაც 14-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 46-მა ხმა მის წინააღმდეგ მისცა.
ამის შემდეგ კენჭისყრაზე პარლამენტის მიერ მიღებული და პრეზიდენტის მხრიდან ვეტოდადებული კანონპროექტი დადგა, რომელიც 81 ხმით გავიდა. წინააღმდეგი მხოლოდ 12 დეპუტატმა იყო. ამით პრეზიდენტის ვეტო დაძლეულია.
ცნობისთვის, "ეროვნული ბანკის შესახებ" კანონში განხორციელებული ცვლილებები, რომელიც ეროვნული ბანკიდან საფინანსო სექტორის ზედამხედველობის ფუნქციის გამოყოფას და სსიპ-ის საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს ჩამოყალიბებას ითვალისწინებს, პრეზიდენტს ხელმოსაწერად კიდევ ერთხელ გადაეგზავნება. თუ გიორგი მარგველაშვილი კანონპროეტს ხელს კვლავ არ მოაწერს, ამის გაკეთება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს მოუწევს.