(გურია ნიუსი, ოზურგეთი) _ “ამინდების გაუარესების შემთხვევაში, შესაძლო დიდთოვლობასა და უამინდობას ოზურგეთის მუნიციპალიტეტი მომზადებული შეხვდება”, _ ამის შესახებ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ სოფლების რწმუნებულებთან და მაჟორიტარ დეპუტატებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. შეხვედრაში, მუნიციპალიტეტის გამგებელი, სატყეო და საგზაო სამმართველოების ხელმძღვანელები, საკრებულოს, გამგეობის სამსახურების უფროსები მონაწილეობდნენ.
ძირითადი აქცენტი მოსახლეობის შეშით უზრუნველყოფაზე, მისი შეძენის პროცედურების გამარტივებაზე გაკეთდა. მამეშვილის თქმით, უკვე დაწყებულია და ეტაპობრივად მიმდინარეობს განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის მოსახლეობის შეშით მომარაგება: “აუცილებლობის შემთხვევაში, სარეზერვო ფონდიდან გამოიყოფა თანხები, რათა არ მოხდეს მოძრაობის შეზღუდვა და მოსახლეობას მიეცეს თავისუფლად გადაადგილების საშუალება”, _ გვითხრა მამეშვილმა.
მუნიციპალიტეტის გამგებელმა გიორგი ტაკიძემ ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულებს დავალება მისცა, შეისწავლონ მათ სოფლებში არსებული ტექნიკის მდგომარეობა და მუნიციპალურ შტაბს დროულად (დეკემბრის შუა რიცხვებში?! რედ.) მიაწოდონ ინფორმაცია არსებული ვითარების შესახებ. ამ შტაბში გაერთიანდებიან მუნიციპალიტეტის სამსახურების, ჯანდაცვის ობიექტების, პურკომბინატების, ელექტრო და გაზის კომპანიების წარმომადგენლები.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved