“ალეგრობა _ ოზურგეთობა 2015“, ქალაქ ოზურგეთში, 15 სექტემბერს ჩატარდება. ამ დღისთვის ოზურგეთში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ელოდებიან. ღონისძიებისთვის მზადება ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტმა უკვე დაიწყო.
“ალეგრობა – ოზურგეთობა 2015“-ის ბიუჯეტი ასე გამოიყურება:
“სცენა, აპარატურა და განათება _ 8000 ლარი; ბანერების დამზადება _ 2000 ლარი; ფეიერვერკი _ 3000 ლარი; მაისურებისა და კეპების დაბეჭდვა 100 ც _ 2000 ლარი; მოსაწვევები, კონვერტები (ლოგოთი); პროგრამები _ 500 ლარი, “საპატიო ოზურგეთელის“ დიპლომების დამზადება _ 200 ლარი; დეკორაციებისა და გამოფენების მოწყობა პარკში _ 2000 ლარი; ანსამბლი “ალილო“ _ 3750 ლარი; “ ქუჩის თეატრი“ – 3750 ლარი; წარმომადგენლობითი ხარჯი (სუფრა) _ 7000 ლარი;
ტრანსპორტირება და მუშახელის დაქირავება _ 800 ლარი; დამცავი ბარიერების დაქირავება და ტრანსპორტირება _ 600 ლარი; “ევრო ეზოს“ გამოფენის ჩამოტანა და მოწყობა 200 ლარი; ჩაის, ღვინისა და ტრადიციული სამზარეულოს სადეგუსტაციო კუთხეების მოწყობა – 800 ლარი. _ ჯამში, თანხა 34 600 ლარს შეადგენს“.
ეს ხარჯთაღრიცხვა, ქალაქ ოზურგეთის მერიის კულტურის, განათლებისა და გენდერული თანასწორობის სამსახურმა, მუნიციპალიტეტის საკრებულოს, განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ახალგაზრდულ საქმეთა, გენდერული, ჯანმრთლობისა და სოციალურ საკითხთა კომისიას განსახილველად გადაუგზავნა.
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დაგეგმილი კულტურული ღონისძიებისთვის გათვალისწინებულ 34 ათას 600 ლარს, რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან უნდა გავიდეს, კოლოსალურ თანხად არ მიიჩნევს და განმარტავს, რომ ქალაქ ოზურგეთის მერია წელიწადში მხოლოდ ერთ ღონისძიებას აკეთებს, რომელიც აუცილებლობას წარმოადგენს:
“ქალაქი ოზურგეთი 1 5 სექტემბერს “ალეგრობის“ ტრადიციულ დღესასწაულს ელოდება, სადაც დაჯილდოვდებიან საპატიო ოზურგეთელები. რაც შეეხება ადგილობრივი ბიუჯეტიდან გათვალისწინებულ 34 600 ლარის გაღებას, გეტყვით, რომ ჩვენ არ გვყავს ოზურგეთელები განებივრებულნი კულტურული ღონისძიებებით.
15 სექტემბერს არის დიდი ღონისძიება, სადაც მთელი ოზურგეთი იზეიმებს, ჩვენ სხვა რამეში ფულს არ ვხარჯავთ. ხარჯთაღრიცხვა, რომელიც ქალაქ ოზურგეთის მერიამ განსახილველად შემოიტანა საკრებულოში, არ გახლავთ კოლოსალური თანხა, რომელიც დააზარალებს ოზურგეთის ბიუჯეტს“,_ აღნიშნავს კობალაძე.
_ ბატონო გელა, რამდენად მართებულად მიაჩნია მუნიციპალიტეტს 34 600 ლარის დახარჯვა ღონისძიებისთვის, როცა ქალაქ ოზურგეთის ცენტრში ინფრასტრუქტურა მოუწესრიგებელია?
_ გზების ორმული შეკეთება უკვე დაწყებულია და ცენტრალურ უბნებში გზის საფარის დაგება 15 სექტემბრისთვის აუცილებლად დასრულებული იქნება.
_ გზის საფარის დაგება და ცენტრალური უბნებში ინფრასტრუქტურული სამუშაოების გახორციელება პრემიერის ვიზიტს უკავშირდება?
_რა შუაშია პრემიერი?! პრემიერთან ერთად ჩვენ მოწვეული გვყავს პარლამენტის თავმჯდომარე, პარლამენტარები, დედაქალაქიდან იქნებიან სტუმრები, სხვადასხვა ქალაქების მერები, _ გვიპასუხა საკრებულოს თავმჯდომარემ.