ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ოზურგეთელ და ქუთაისელ ჟურნალისტებისთვის გენდერული ბიუჯეტის დაგეგმვის შესახებ ტრენინგი ჩატარდა.
არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირის" წევრებმა ლევან ხინთიბიძემ და ირაკლი პაპავამ ტრენინგზე ყურადღება გამახვილეს ჟურნალისტების როლზე, გენდერული ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში.
ტრენერებმა ბიუჯეტისა და საქართველოს საბიუჯეტო სისტემის ძირითადი პრინციპების, საბიუჯეტო პროცესის თვითმმართველობის უფლებამოსილებებისა და საზოგადოების ინფორმირებულობის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრეს.
ხოლო ტრენინგის დასასრულს ოზურგეთის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, პროექტ "კიბო განაჩენი არ არის" შესახებ ისაუბრა, რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან არის დაფინანსებული.
"პირველ რიგში აღვნიშნავ, რომ გენდერული თანასწორობის შესახებ კანონმდებლობის პრაქტიკაში განხორციელების პროცესის შემადგენელი ნაწილია ბიუჯეტის დაგეგმის დროს ყველა იმ საკითხის გათვალისწინება, რითაც უზრუნველყოფილი იქნება ქალისა და მამაკაცის თანასწორობა. ბუნებრივია, ეს არის გარკვეულად ხელისუფლების პასუხისმგებლობა, ისე დაგეგმოს ღონისძიებები წლის განმავლობაში, რომელიც ასახულია ბიუჯეტში, რომ გამოირიცხოს ყველა დისკრიმინაციის ფორმა ქალსა და მამაკაცს შორის. გენდერული ბიუჯეტირების საკითხი სამოქალაქო აქტივობას საჭიროებს. ამიტომ კარგი იქნება თუ საზოგადოება და პროფესიული წრეები რეკომენდაციებით შევლენ ხელისუფლებასთან". – გვითხრა ლევან ხინთიბიძემ.
ფონდ "სოხუმის" წარმომადგენელის ლალი შენგელიას თქმით, აქტიურად იწყება მუშაობა ადგილობრივი ბიუჯეტების ფორმირებისათვის და ამ ბოლო დროს სულ უფრო მეტი ყურადღება ექცევა სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას.
" ასევე მინდა გითხრათ, რომ კიდევ უფრო იზრდება მედიის როლი ამ პროცესებში და სწორედ ამიტომ, მედიის წარმომადგენლებმა უფრო მეტი ინფორმაცია უნდა მიაწოდონ გენდერეული ბიუჯეტის შესახებ მოსახლეობას, სწორედ ამ მიზნებს ემსახურებოდა ოზურგეთში ჩატარებული ტრენინგი." _გვითხრა ლალი შენგელიამ.
ტრენინგი ოზურგეთის გენდერის მედიაცენტრისა და ფონდ "სოხუმის" ინიციატივით ჩატარდა.