კალიფორნიაში ძლიერმა ცეცხლმა 12 საათის განმავლობაში 40 000 ჰექტარზე მეტი ტყის მასივი გაანადგურა. მაშველები ხანძარს ამ დრომდე ებრძვიან. აღნიშნულ ინფორმაციას REUTER ავრცელებს.
მაუწყებლის ცნობით, ძლიერი ცეცხლი დასავლეთ სიერაში 130-ზე მეტ შენობას და 6 400 სტრუქტურულ ნაგებობას ემუქრება.
სატყეო დეპარტამენტისა და სახანძრო დაცვის ცნობით, მოსახლეობა სახიფათო ზონიდან უკვე ევაკუირებულია.
გავრცელებული ინფორმაციით, 4 მეხანძრე მეორე ხარისხის დამწვრობით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
როგორც ცნობილია ძლიერი ცეცხლის გამო საკრამენტოში 65 000 ჰექტარზე მეტი დაიწვა, რის შედეგადაც 81 საცხოვრებელი სახლი და 51 სამეურნეო ნაგებობა განადგურდა.
გავრცელებული ცნობით, ხანძარი კალიფორნიაში ძლიერმა სიცხეებმა და გვალვამ გამოიწვია,რასაც მეხანძრეებმა "არნახული ცეცხლის ქცევა" უწოდეს.































































