დღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტში საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს ელოდებიან. "გურია ნიუსს" მიაწოდეს ინფორმაცია, რომ პრემიერის ვიზიტთან დაკავშირებით, დღის 12 საათზე ქალაქ ოზურგეთის სკოლებში სასწავლო პროცესი შეწყდება.
ოზურგეთის რესურსცენტრის უფროსის ლელა იმედაშვილის განცხადებით, ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება: "შეგიძლიათ თავად მიხვიდეთ და დარწმუნდებით, რომ სასაწავლო პროცესი გრძელდება. ინფორმაციას არ ვადასტურებ."– გვითხრა იმედაშვილმა.
აღნიშნულ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიც გამოეხმაურა:
" გვსურს, გამოვეხმაუროთ ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ოზურგეთში სტუმრობასთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტში სასწავლო და სამუშაო პროცესი შეწყდა.
კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
ოზურგეთი დღეს „ალეგრობას" ზეიმობს. სახალხო ზეიმში, რომელიც 150 წელზე მეტს ითვლის, მოსახლეობა საკუთარი სურვილით მონაწილეობს, რაც, ბუნებრივია, სასწავლო და სამუშაო პროცესის შეფერხებას არ იწვევს.
ასევე აღსანიშნავია, რომ ზეიმი 14:00 საათზე იწყება, რა დროსაც სასწავლო პროცესი უკვე დასრულებულია. ჩვეულ რეჟიმში გრძელდება სამუშაო პროცესიც, თუმცა ეს არ გამორიცხავს იმას, რომ სახალხო ზეიმს საჯარო მოხელეები სურვილისამებრ შეუერთდნენ" _ აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.