სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის, კახა კახიშვილის განცხადებით, პრობაციის სისტემაში დაწესებული ვიდეოპაემნის გადასახადი გაუქმდება.
ამის შესახებ კახიშვილმა სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც თემაზე "პრობაციის ეროვნული სააგენტო, როგორც ალტერნატიული სანქციებისა და ღონისძიებების აღმასრულებელი პროგრესული უწყება საქართველოში" სისხლის სამართლის რეფორმის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს პრობაციის სისტემის რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა მიმდინარეობს.
მისი თქმით, ძალიან მალე მოხდება გადასვლა ელექტრონული მონიტორინგის სისტემაში და სამაჯურებით დაიწყება შინაპატიმრების კონტროლი, რითაც ძალიან სერიოზულად შემცირდება პატიმრების რაოდენობა.
"საქართველოს მთავრობა ზუსტად იმ კუთხით მუშაობს, რომ ის პირი, რომელიც შეიძლება არ იჯდეს ციხეში, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლებელია ჩადენილი ჰქონდეს დანაშაული, არ უნდა იჯდეს ციხეში. ამისთვის საჭიროა ალტერნატიული კონტროლი ახალი ტექნოლოგიებით. ერთ-ერთი ტექნოლოგია ზუსტად ელექტრონული სამაჯურები იქნება, რომელსაც ჩვენ ვნერგავთ. ალბათ ოქტომბრის პირველ რიცხვებში გავხსნით მონიტორინგის ცენტრს. ამავდროულად მომავალი წლის მარტიდან იგეგმება სოციალური მუშაკის ჩართვა არასრულწლოვანთა სასამართლო პროცესებში რაც ხელს შეუწყობს ადეკვატურ მიდგომებს. ჩვენ უკვე მზად გვაქვს საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელსაც ჯერ მთავრობას და შემდგომში პარლამენტს წარვუდგენთ.
კანონპროექტის მიხედვით უარს ვიტყვით ზოგიერთ იმ გადასახადზე, რომელიც დაწესებულია პრობაციის ეროვნულ სააგენტოში, მაგალითად, ვიდეოპაემანი, ერთი ოფისიდან მეორე ოფისში გადასვლა. ეს ყველაფერი დაკავშირებული იყო ხარჯებთან, ამიტომ ჩვენ ასეთი ტიპის გადასახადებზე უარის ვიტყვით", _ აღნიშნა კახიშვილმა
მისივე თქმით, მთავრობა მუშაობს კიდევ რამდენიმე პროექტზე, მათ შორის, ერთი ეხება აღკვეთის ღონისძიების ახალ სახეს, მეორე კი წინასასამართლო დასკვნებს.