ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სამებაში შანიძეების სახლში გაჩენილ ხანძარს ოჯახის უფროსი, 76 წლის გივი შანიძე ემსხვერპლა.
როგორც გვითხრეს, პირველ სართულზე, ღამით, ღუმელის დანთება სცადა და სავარაუდოდ, სწორედ ეს გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი.
როგორც დაღუპულის შვილი ამბობს, გამთენიისას გაეღვიძა და კვამლი შეამჩნია:
_ მეორე სართულზე მეძინა ბავშვთან ერთად. რაღაც ძალამ გამომაღვიძა და როგორც კი კვამლი შევამჩნიე ქვემოთ ჩამოვედი, რომ მამა მენახა, რომელიც პირველ სართულზე იწვა, თუმცა, მისი ნახვა ვეღარ შევძელი, რადგან იატაკი მალევე ჩამოვარდა, _ ამბობს დაღუპულის ქალიშვილი.
მისივე თქმით სახანძრო დროულად მოვიდა, თუმცა, სახლი უკვე ცეცხლის ალში იყო გახვეული და მხოლოდ დამხმარე ნაგებობების გადარჩენა მოხერხდა.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის ირაკლი კუჭავას თქმით, მომავალი წლის ბიუჯეტში შანიძეების ოჯახის დასახმარებლად თანხა აუცილებლად გამოიყოფა.