ჩილეში, 8.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. აღნიშნულ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
მაუწყებლის ცნობით, მიწისქვეშა ბიძგებმა ხუთ მეტრამდე სიმაღლის ტალღები გამოიწვია, რის გამოც ჩილეს, პერუს, ჰავაის და კალიფორნიის სანაპიროებიდან მოსალოდნელი ცუნამის გამო მილიონზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.
როგორც ცნობილია, სტიქიამ შენობების ნგრევაც გამოიწვია.
ჩილეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სტიქიის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა და მოსალოდნელია დაღუპულების რიცხვის ზრდა.
ამერიკის შეერთებული შტატების გეოლოგიური კვლევის ცნობით, ჩილეში ოთხშაბათს ღამე მომხდარი მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ ილიაპელიდან 46 კილომეტრში იყო.
გავრცელებული ინფორმაციით, ლოს ანჯელესსა და სან დიეგოში მოსახლეობას სანაპიროზე ყოფნისგან თავის შეკავებას ურჩევენ, თუმცა ძლიერი დინების გამო წყალდიდობა მოსალოდნელი არ არის.