ქალაქ ოზურგეთის მერიამ 2015 წლის 15 სექტემბერს აუქციონი ჩაატარა და 4 400 კვ.მ მიწის ნაკვეთი 35-წლიანი იჯარით გასცა.
ოზურგეთის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა ერთმა პრეტენდენტმა – შპს "სოფლის ნობათმა" მიიღო.
აუქციონი ოზურგეთის მერიაში 14.00 საათზე ჩატარდა.
მერიიდან მოწოდებული ოფიციალური ინფორმაციით, ქონებით სარგებლობის უფლებით იჯარით გაცემის ქირის საწყისი საფასური 24 516 ლარს შეადგენდა. როგორც პრესსამსახურში გვეუბნებიან, ბაზრის ტერიტორიის 4 400 კვ.მ. მიწის ნაკვეთი გაიცა იჯარის ფორმით 26 968 ლარად, მოიჯარე კი შპს. "სოფლის ნობათის" დამფუძნებელი ზურაბ გობრონიძეა.
მერიის პრესსამსახურის ინფორმაციითვე, იჯარა შემდეგ პირობებს ითვალისწინებს: "ა. აუქციონში გამარჯვებულმა, ქონების სარგებლობის უფლებით გაცემის საფასური სრულად უნდა გადაიხადოს აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელ ოქმზე ხელმოწერის დღიდან 30 კალენდარული დღის ვადაში;
ბ. აუქციონში გამარჯვებულმა უზრუნველყოს პროფილის შენარჩუნება (კერძოდ, ქონების დღეის მდგომარეობით არსებული დანიშნულების შენარჩუნება);
გ. აუქციონში გამარჯვებულმა, ქონებით სარგებლობის განმავლობაში, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყოველი საანგარიშო წლის დაწყებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში გადაიხადოს საიჯარო ქირა;
დ. აუქციონში გამარჯვებულმა, უნდა გადაიხადოს ქონებით სარგებლობისას წარმოშობილი კომუნალური გადასახდელები, სხვა საგადასახადო ვალდებულებები;
ე. აუქციონში გამარჯვებულმა, მშენებლობის წარმოების შემთხვევაში, მშენებლობის პირობები შეათანხმოს მესაკუთრესთან."
"გურია ნიუსი" დაუკავშირდა ტელეკომპანია "გურიას"დირექტორს ზურაბ გობრონიძეს:
ბატონო ზურაბ, როგორც ინფორმაცია გვაქვს, თქვენ აიღეთ 35-წლიანი იჯარით ბაზრის ტერტორიის 4 400 კვ.მ მიწის ნაკვეთი.
"- თქვენ რა გაინტერესებთ, აბა მითხარით? რა თქვენი საქმეა? რატომ უნდა გაინტერესებდეთ, რა ფასში და როგორ შევიძინე? რა შეკითხვაა ამიხსენით! ხომ არ უარვყოფ, კი შევიძინე, ნუ გადამრიეთ! ყველფერში ცხვირს ჰყოფთ და არ შეიძლება მასე!" _ გვითხრა გობრონიძემ.
აღსანიშნავია, რომ აუქციონი "ალეგრობის" დღესასწაულზე ჩატარდა, მაშინ როცა პრემიერ-მინისტრი ოზურგეთს სტუმრობდა. აუქციონი ერთი თვით ადრე ცხადდება, მაგრამ "ალეგრობის" დღესასწაულის დაგეგმვა და პრემიერის სტუმრობაც პროტოკოლთან ერთი თვით ადრე უნდა თანხმდებოდეს.
ზურაბ გობრონიძის მეუღლე ხათუნა სიორიძე ბიზნესმენ მერაბ სიორიძის შვილია, რომელიც ბიზნესმენ ზაზა სიორიძის ძმაა. ისინი კი ქალაქ ოზურგეთის მერის ბეგლარ სიორიძის ნათესავები არიან, რაც კატეგორიულად უარყო ქალაქის მერმა.
ბეგლარ სიორიძე: "რას ჰქვია, პრემიერის ჩამოსვლას დავამთხვიე აუქციონის ჩატარება ? აუქციონი არაფერს არ ემთხევევა, ის ცხადდება ერთი თვით ადრე, თქვენ ეს არ იცით, როგორც ჩანს.
არ არის ზურაბ გობრონიძე ჩემი ნათესავი და არც მისი მეუღლეა ჩემი ნათესავი"_ გვითხრა სიორიძემ.