ქართველი ფორვარდი გიორგი ჭანტურია კარიერას მეორე ბუნდესლიგის დუისბურგში, მცველ ლაშა დვალის მხარდამხარ გააგრძელებს. კლუბსა და ფეხბურთელს შორის კონტრაქტის გაფორმება და ჩვენი ფეხბურთელის საზოგადოებისთვის წარდგენა ამ კვირაში იგეგმება, იქამდე კი ქალაქ დუისბურგის ერთ-ერთმა გაზეთმა ქართველ ახალწვეულის შესახებ ადგილობრივ ქომაგს გარკვეული ინფორმაცია.
„დუისბურგის შეტევების ლიდერი ანდრეას ვიგელი სანქტ პაულისთან წაგებული მატჩის ბოლოს ისევ დაშავდა და სავარაუდოდ, პირველ წრეში ვეღარ ითამაშებს. მისი ტრავმა იმდენად მძიმეა, რომ ოპერაცია სჭირდება. სამწუხაროა, რომ ვიგელი გუნდს სწორედ ტრავმის მოშუშების მერე, თითქმის სამთვიანი მკურნალობის შემდეგ დაუბრუნდა და აგერ, ახლა ისევ დაშავდა. თან საკმაოდ მძიმედ. ანდრეას ვიგელის პირველი ტრავმის შემდეგ დუისბურგმა ნიგერიელი თავდამსხმელი ვიქტორ ობინა შეიძინა, რომელიც გუნდს არც მთლად კარგად მოერგო, ახლა კი კლუბმა მეორე ფორვარდი, ქართველი გიორგი ჭანტურია მიიღო, თუმცა ოფიციალურად ჯერ არაფერია დადასტურებული. ჭანტურია 22 წლის გახლავთ და შეტევის ფლანგებზე შეუძლია თამაში. მას საქართველოს ეროვნულ გუნდში 6 მატჩი აქვს ჩატარებული და ქვეყანაში ერთ-ერთ ტალანტად ითვლება. დუისბურგამდე ის რუმინულ კლუჟში და ჰოლანდიურ ვიტესში თამაშობდა, ასევე იყო ბარსელონას ახალგაზრდულ გუნდში. დუისბურგში მას თანამემამულე ლაშა დვალი დახვდება და ახალ კლუბთან ადაპტაცია არ უნდა გაუჭირდეს. ჭანტურია დუისბურგთან კონტრაქტს უახლოეს დღეებში გააფორმებს“, _ წერს დუისბურგული გამოცემა.
თავად გიორგი ჭანტურიასთან დაკავშირება ჯერ ვერ მოხერხდა, თუმცა კი მან სოციალურ ქსელში უკვე გაავრცელა ფოტო, რომელზეც ის სწორედ დუისბურგის ვარჯიშზე ლაშა დვალთან ერთადაა აღბეჭდილი.