პარტია "ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, ევროპის სახალხო პარტია გიგი უგულავას ხელმეორედ დაპატიმრების ფაქტს ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს.
"მე აღშფოთებული ვარ უგულავას გათავისუფლებიდან მხოლოდ რამდენიმე საათის შემდეგ მისი ხელახლა დაპატიმრების გამო. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე ორჯერ მიიღო გადაწყვეტილება უგულავას სასარგებლოდ, პირველად მას შემდეგ რაც იგი უკანონოდ გადააყენეს მერის პოსტიდან და როდესაც იგი დატოვეს წინასწარ პატიმრობაში იმაზე მეტი ხნით ვიდრე ნებადართულია საქართველოს კონსტიტუციით. თუმცა საქართველოს მმართველ პარტიას და ბიძინა ივანიშვილს, როგორც ჩანს, გადაწყვეტილი აქვთ ოპოზიციის ლიდერები ციხეში ამყოფონ. უგულავას წინააღმდეგ ერთ-ერთი პროცესის დაჩქარება აშკარად იყო პოლიტიკურად მოტივირებული, ატარებდა მართლმსაჯულების სისტემაში ჩარევის ძლიერ ნიშნებს და მიზნად ისახავდა მხოლოდ და მხოლოდ ერთ-ერთი სერიოზული ქართველი პოლიტიკური ფიგურის რაც შეიძლება მალე დაპატიმრებას.
ევროპის სახალხო პარტია მკაცრად გმობს ამგვარ პოლიტიკურად მოტივირებულ პროცესებს და შოკირებულია სასამართლოს მუშაობაში მთავრობის მუდმივი ჩარევის გამო. ივანიშვილის ჯგუფმა უნდა გაიგოს, რომ მართლმსაჯულების სისტემა არ არის მოედანი წესების გარეშე სათამაშოდ. მოსამართლეთა შანტაჟი, კანონების არაკეთილსინდისიერი ინტერპრეტაცია ოპოზიციონერთა დასაპატიმრებლად და ძალაუფლების ბოროტად გამოყენება არ ახასიათებს იმ საქართველოს, რომელთანაც ევროპას პარტნიორობა სურს.
საქართველოს ევროპულ პერსპექტივას სერიოზული ლაქა დაედო. ევროკავშირის და საქართველოს ურთიერთობა ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში რთულ ფაზაში შედის, რასაც მოჰყვება შემდგომი შედეგები, სანამ უგულავა და სხვა პოლიტიკური პატიმრები სამართლიან სასამართლოს არ მიიღებენ,"– განაცხადა ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტმა ჯოზეფ დოლმა.