ხვალ, 21 სექტემბერს მართლმადიდებლური სამყარო ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღეს აღნიშნავს. ამ დღესასწაულთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე მრევლს მიმართავს, რომ ღვთისმშობლის შობის დღეს, 12:00 საათზე, წარმოთქვას ლოცვა "მოწყალებისა კარი განგვიღე, კურთხეულო ღვთისმშობელო".
ამასთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს.
"ა.წ. 21 სექტემბერს მთელი მართლმადიდებელი სამყარო აღნიშნავს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღეს. ჩვენ, როგორც ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყნის შვილებს, გვმართებს მისდამი განსაკუთრებული პატივისცემის გამოჩენა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ამ დღეს, 12 საათზე, საქართველოს ყველა ტაძარში დაირეკება ზარი 12-ჯერ და ყველამ, სადაც არ უნდა იყოს იგი, უნდა თქვას დედაღვთისადმი სავედრებელი პატარა, მაგრამ ძლიერი ლოცვა: ,"მოწყალებისა კარი განგვიღე, კურთხეულო ღვთისმშობელო"…", – ნათქვამია განცხადებაში
ხვალ მახათას მთაზე მშენებარე ივერიის ღვთისმშობლის ტაძრის გუმბათზე ჯვარს აღმართავენ.