გურიის ფეხბურთის ფედერაციას სფფ-ს პრეზიდენტობის არჩევნებზე ახალი დელეგატი ეყოლება. გამგეობის ხუთმა წევრმა ამ პოსტზე იური ჩხაიძის კანდიდატურას ცოტა ხნის წინ ერთხმად დაუჭირა მხარი.
სხდომას, რომელიც ტრიბუნალის გადაწყვეტილების შესაბამისად დღეს ჩატარდა, გამგეობის 7 წევრიდან 5 ესწრებოდა.
ფედერაციის პრეზიდენტს კახა ებრალიძეს დელეგატისთვის ხმის მიცემის პროცესში მონაწილეობა არ მიუღია, რადგან, როგორც გრფფ-ს ვიცე-პრეზიდენტმა ბენო თავბერიძემ გვითხრა ამის უფლება არ ჰქონდა.
ახალი დელეგატის თქმით, ამ ეტაპზე რთულია იმის თქმა, ვის დაუჭერს მხარს გურია, თუმცა, ჩვენი ინფორმაციით ეს საკითხი უკვე გადაწყვეტილია და გურიის ხმა ლევან კობიაშვილს ეკუთვნის:
_ ვერ გეტყვით იქნება თუ არა ეს ბატონი ლევანი. ჯერ კანდიდატების პროგრამას უნდა გავეცნო და შემდეგ მივიღებ გადაწყვეტილებას, _ გვითხრა ჩხაიძემ.
ბენო თავბერიძის თქმით, გამგეობა 3 ოქტომბრამდე კიდევ ერთხელ შეიკრიბება, სადაც კანდიდატების პროგრამებს განიხილავენ და გადაწყვეტილებასაც მიიღებენ:
_ ჯერ რთულია რაიმე დაზუსტებით თქვა, წინ დიდი დრო გვაქვს. შევიკრიბებით და ერთობლივად მივიღებთ გადაწყვეტილებას, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას თავბერიძემ.
გამგეობის წევრები პირად საუბრებში ადასტურებენ, რომ გურიის ფავორიტი ლევან კობიაშვილია და ხმასაც ის მიიღებს.
ფედერაციის პრეზიდენტი კახა ებრალიძე ამბობს, რომ სხდომის შესახებ არაფერი იცოდა:
_ მსგავსი ოქმი ტრიბუნალმა უკვე გააუქმა და ბენია თავბერიძეს თუ უხარია ატაროს სხდომები. გარკვევით წერია დებულებაში, რომ სხდომას პრეზიდენტი უნდა ესწრებოდეს, რაც ამ შემთხვევაში არ მომხდარა, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ებრალიძემ.
ამავე თემაზე: გრფფ-ს პრეზიდენტის პირველი კომენტარი ტრიბუნალის გადაწყვეტილებაზე _ "ყველაფერი შესაძლებელია"; “სირცხვილით ქუჩაში ვერ გამოვდივარ“ _ რა წერია გურიის ფეხბურთის ფედერაციის წესდებაში