ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგომარში მცხოვრები შაქრო ახალაძე ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ საქართველოს პარლამენტის დეპუტატები უფრო მეტად უნდა ხვდებოდნენ ამომრჩეველს.
_ ჩვენს დეპუტატთან, ზვიად კვაჭანტირაძესთან შეხვედრაზე არ ვყოფილვარ. ვფიქრობ, რომ სოფელში უნდა ჩამოვიდეს და დაინტერესდეს ხალხის ცხოვრებით. ჩვენთან, სოფელში, არც გაზია, არც _ წყალი… ბევრი პრობლემაა. გაგვაცნოს, რა გააკეთა ამ სამი წლის განმავლობაში, მხოლოდ ტელევიზორში ხომ არ უნდა ვხედავდეთ დეპუტატს?! _ გვითხრა შაქრო ახალაძემ.
ავთანდილ ცეცხლაძე, სოფელ ლიხაურის მკვიდრი: _ ახლა თქვენ ხართ დეპუტატი თუ რა? ნამდვილად არ მინახავს ჩვენი დეპუტატი. კანონის ფარგლებში კი უნდა ხვდებოდეს ხალხს, მაგრამ არ გამიგია, ხვდება თუ არა ის მის ამომრჩეველს.
ოზურგეთელი ელიკო ტრაპაიძე "გურია ნიუსთან" საუბარში ამბობს, რომ თუ დეპუტატი შეხვდება ამომრჩეველს, მისი პრობლემის გადაჭრა უნდა შეეძლოს:
_ ყველაფრის იმედი დაკარგული მაქვს. თუ კი შეხვდება მოსახლეობას, მაშინ ჩვენი პრობლემებიც უნდა მოაგვაროს, მარტო შეხვედრას რა აზრი აქვს?! ხალხის გულისტკივილს უნდა იზიარებდეს, _ თქვა ტრაპაიძემ.
ნუნუ ნიკოლაიშვილის თქმით, იგი დეპუტატს მხოლოდ მედიიდან იცნობს: "გაზეთებიდან ვიცი, რომ, როდესაც ჩამოდის, ხვდება მოსახლეობას. ასევე, ხშირად ესწრება სხვადასხვა სახის ღონისძიებას. მე, პირადად, მასთან შეხვედრაზე არ ვყოფილვარ."
ნუნუ სანიკიძე ამბობს, რომ დეპუტატის შესახებ მისი ახლობლებისგან და მეზობლებისგან იცის.
"არასდროს შევხვედრივარ. ამბობენ, რომ კარგი პიროვნებაა, მაგრამ მე არ მინახავს. არასდროს არ მქონია იმის საჭიროება, მასთან მივსულიყავი და დახმარება მეთხოვა".
კითხვით, რამდენად ხშირად უნდა ხვდებოდეს მაჟორიტარი დეპუტატი ამომრჩეველს, "საერთაშორისო გამჭირვალობა _ საქართველოს" სამოქალაქო ჩართულობის კოორდინატორს, გიორგი თოფურიძეს მივმართეთ.
"პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებულია, რომ პლენარული სხდომების მომდევნო კვირის სამშაბათი, ოთხშაბათი და ხუთშაბათი განკუთვნილია პარლამენტის წევრების ამომრჩეველთან შეხვედრებისთვის", _ გვითხრა გიორგი თოფურიძემ.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა _ საქართველომ", პარლამენტის წევრების ბიუროებიდან მოწერილ პასუხებზე დაყრდნობით, მოამზადა სტატისტიკური მონაცემები მაჟორიტარებისადმი მიმართვიანობის შესახებ.
როგორც ამ ორგანიზაციის 2012-2013 წლების ანგარიშში იყო აღნიშნული, "ამჯერადაც ზეპირი მიმართვიანობა აჭარბებს წერილობითს. კონკრეტულად, ყველაზე მეტი წერილობითი მიმართვა ჰქონდათ შემდეგ მაჟორიტართა ბიუროებს: იოსებ ჯაჭვლიანი _ 878; ზურაბ აბაშიძე _ 552; ეკა ბესელია _ 449; გურამ მისაბიშვილი _ 317; შალვა შავგულიძე _ 314. რაც შეეხება ზეპირი მიმართვიანობის მაჩვენებლებს, აქ ასეთი თანმიმდევრობა შეინიშნება: სოსო ჯაჭვლიანი _ 4 500-ზე მეტი; ზურაბ აბაშიძე _ 2500; ზვიად კვაჭანტირაძე _ 1 200; მურმან დუმბაძე _ 1 012; ვალერი გელაშვილი _ 1 000-მდე. ყველაზე მეტი ზეპირი მიმართვა გამოიკვეთა იოსებ ჯაჭვლიანის ბიუროში, მას მოსდევს ზურაბ აბაშიძის ბიურო. სოსო ჯაჭვლიანის ბიუროს წინა წლის მაჩვენებელიც, ზეპირი მიმართვიანობის კუთხით, საკმაოდ მაღალი იყო და 5 000-ს აჭარბებდა. რაც შეეხება წერილობითი ფორმით მიმართვას, ამ მხრივ, ყველაზე მეტი წერილობითი განცხადება მიიღო სოსო ჯაჭვლიანის ბიურომ (878 განცხადება). ბიუროს პასუხების ნაწილში ნაჩვენებია ერთიანი, როგორც წერილობითი, ისე ზეპირი მიმართვიანობა. ყველაზე მეტი მიმართვა (როგორც ზეპირი, ისე წერილობითი ფორმით) ჰქონდათ შემდეგ მაჟორიტართა ბიუროებს: სოსო ჯაჭვლიანი _ 5 378; ზურაბ აბაშიძე _ 3 052; ზვიად კვაჭანტირაძე _ 1 364; შოთა ხაბარელი _ 1 343; ეკა ბესელია _ 1 249.
მაჟორიტარ პარლამენტის წევრთა ბიუროების ეფექტიანი საქმიანობისთვის მნიშვნელოვანია მოსახლეობის პრობლემების იდენტიფიცირება და ანალიზი. ამ მიზნით, შესაძლებელია, ჩატარდეს მოსახლეობის (მისი გარკვეული ჯგუფის) გამოკითხვა, ასევე, მოქალაქეთა განცხადებების, საჯარო შეხვედრების შედეგების შესწავლა და არსებული პრობლემების მარკირება. მოსახლეობის პრობლემებზე ინფორმაციის ფლობა აუცილებელი კომპონენტია მაჟორიტარი პარლამენტის წევრის მიერ უფლებამოსილების შედეგიანად გასახორციელებლად. მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროებიდან წარმოდგენილი 51 ინფორმაციიდან 14-ში არ ჩანდა, რომ ადგილი ჰქონდა რაიმე სახის კვლევას ან მოსახლეობის გამოკითხვას. წარმოდგენილ 14 პასუხში პრობლემის კვლევასთან დაკავშირებით, არაფერია მითითებული (კვლევა ან საერთოდ არ ჩატარებულა, ანდა პასუხები არ დაფიქსირდა). ჩვენი მოთხოვნის საფუძველზე მიღებული პასუხებიდან შემდეგი პრობლემები გამოიკვეთა: უმუშევრობა; კომუნალური და ინფრასტრუქტურული საკითხები (წყალი, გაზი, ელექტროენერგია, გზები); სტიქიური მოვლენების შედეგად მიყენებული ზიანი და ავარიული სახლები; საკუთრების დაკანონებასთან დაკავშირებული პრობლემები; სამედიცინო საჭიროებები; დევნილთა განსახლება; სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლება; შშმ პირებისთვის ხელშეწყობის გაუმჯობესების მოთხოვნა".
საქართველოს პარლამენტის წევრის, ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატის ზვიად კვაჭანტირაძის ბიუროს პრესსამსახურის წარმომადგენლის ნინო კუკულაძის თქმით, საანგარიშო პერიოდში (2014 წლის სექტემბრიდან 2015 წლის სექტემბრამდე) შემოსული წერილების უმეტესობა სოციალური ხასიათისაა.
_ მოქალაქეები მოგვმართავენ შეწყვეტილი სოციალური დახმარების აღდგენის, მკურნალობის დაფინანსების, გზის რეაბილიტაციის, წყლის სისტემის აღდგენის, ბუნებრივი აირის შეყვანის და ა. შ. მოთხოვნებით. დეპუტატის შუამდგომლობები იგზავნება, როგორც ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებში, ასევე, სხვადასხვა სამინისტროში. ზვიად კვაჭანტირაძის შუამდგომლობების უმეტესობა კმაყოფილდება. საანგარიშო პერიოდში დეპუტატის ბიუროში შემოსულია 165 განცხადება, აქედან დაკმაყოფილებულია 131 განცხადება. დაკმაყოფილებული განცხადებების უმეტესობა ჯანმრთელობის (ოპერაცია, მედიკამენტები) დაფინანსებას ეხება. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან დეპუტატის შუამდგომლობის საფუძველზე ერთ მოქალაქეს გაეწია რეაბილიტაციის კურსის ჩასატარებლად 4000 ლარის ოდენობის დახმარება.
ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს მიერ 1 200 მოქალაქეს გაეწია ზეპირი კონსულტაცია, _ გვითხრა ნინო კუკულაძემ.
"გურია ნიუსმა" საქართველოს პარლამენტის დეპუტატს ზვიად კვაჭანტირაძეს რამდენიმე კითხვით მიმართა.
_ ბატონო ზვიად, თქვენი აზრით, რამდენად ხშირად უნდა ხვდებოდეს საქართველოს პარლამენტის დეპუტატი საკუთარ ამომრჩეველს?
_ შეძლებისდაგვარად, რაც ხშირად, მით უკეთესია.
_ ჩვენ მიერ გამოკითხულთა უმეტესობა ამბობს, რომ დეპუტატი ხშირად უნდა ხვდებოდეს სოფელში ამომრჩეველს და ინტერესდებოდეს მათი პრობლემებით.
_ თქვენი რესპონდენტების აზრს ვეთანხმები.
_ ბატონო ზვიად, თქვენ ხშირად არ ხვდებით ამომრჩეველს. რა არის ამის მიზეზი?
_ ორგანიზებულ მიღებას ბოლო ორი-სამი თვეა, ვერ ვახეხებ. ამის უმთავრესი მიზეზი საზღვარგარეთ მივლინებებია. როგორც იცით, ვხელმძღვანელობ ევროკავშირ-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტს და ამავე დროს, ვარ საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე. სამუშაოს ძალიან დიდი დრო მიაქვს, თუმცა, არასწორია იმის თქმა, რომ ამომრჩევლებს ხშირად არ ვხვდები. მე მუდმივი და უშუალო კონტაქტი მაქვს ამომრჩევლებთან. ამ კონტაქტს ჩემი ბიურო უზრუნველყოფს. ხაზგასმით ვამბობ _ არც ერთი მომართვა არ რჩება რეაგირების გარეშე. მაქსიმალურად ვცდილობთ, რეაგირება იყოს პროდუქტიული და ამომრჩევლებს დავეხმაროთ ყველა გზით, რაც ჩვენს ძალას არ აღემატება.
_ ბოლოს როდის შეხვდით ამომრჩეველს და რა საკითხებზე გქონდათ საუბარი?
_ ბოლოს ამომრჩევლების ჯგუფს შევხვდი 15 სექტემბერს. მანამდე კი ოზურგეთის გამგებლის, მერაბ ჭანუყვაძის ერთწლიანი მუშაობის ანგარიშგების დღეს. ამ შეხვედრებზე სხვადასხვა ყოფით პრობლემებზე იყო საუბარი და ზოგიერთი კონკრეტული საკითხის გადაწყვეტის გზებს ვეძებთ.
წლის ბოლოსთვის ვაპირებ ფართო შეხვედრის ორგანიზებას ოზურგეთელებთან, სადაც არა მხოლოდ დღემდე გაწეულ საქმიანობაზე, არამედ ქვეყნის წინაშე მდგარ სხვადასხვა საჭირბოროტო საკითხებზე გვექნება საუბარი, _ თქვა ზვიად კვაჭანტირაძემ.