ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა საკრებულოს თავმჯდომარე რევაზ ჩიტიძემ გახსნა და აღნიშნა, რომ 20 თებერვლიდან საქართველოში დაიწყო ოკუპაციის კვირეული, რომელიც 1921 წელს რუსეთ-საქართველოს შორის.
ამის შემდეგ საკრებულოს სხდომაზე განსახილველ საკითხებს უყარეს კენჭი. პირველ საკითხად განიხილეს საჯარო მოსამსახურეთა (რწმუნებულების) ხელფასების გაზრდის საკითხი. კანონის თანახმად, რწმუნებულებს შეეცვალათ სახელიც და ამიერიდან ისინი მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელებად იწოდებიან, გაიზარდა ანაზღაურებაც _ რწმუნებულებს 700-ლარიანი ხელფასი ექნებათ, თანაშემწეებს _ 250-ლარიანი.
რევაზ ჩიტიძის თქმით, საჯარო მოხელეებისთვის ანაზღაურების გაზრდა ძალიან კარგი ტენდენციაა, რასაც ნებისმიერი დეპუტატი ემხრობა. ზემოხსენებულმა ცვლილებამ გამოიწვია გამგეობის რწმუნებულთა მიერ აქტის შედგენის, ცნობის გაცემისა და ბეჭდის გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ ახალი დებულების მიღება, რომლის ამოქმედებისთანავე უქმდება წინა დებულება.
საკრებულოს სხდომაზე განიხილეს ასევე I კლასის შენობა-ნაგებობების მშენებლობის ნებართვის საკითხები. აღინიშნა, რომ I კლასის შენობა-ნაგებობების მშენებლობას ნებართვა არ სჭირდება, თუმცა, დასაცავია წესები, რომლითაც მშენებელმა უნდა იხელმძღვანელოს.
გამგებლის, გიორგი გოგუაძის თქმით, კარგი იქნება, თუ ნებისმიერი მოქალაქე სახლის აშენების პროექტს არქიტექტორთან შეათანხმებს. ასეთ შემთხვევაში თავიდან აიცილებენ გართულებებს, როგორსაც ახლა აწყდებიან, როცა სახლები მეწყერსაშიშ ზონებშია აგებული.
სხდომაზე გადაწყდა, რომ ფეხბურთში საქართველოს ჩემპიონატში გამარჯვებულ გოგონათა გუნდს საჩუქრად გადასცენ სპორტული ტანსაცმელი.
საკრებულოს თავმჯდომარემ დეპუტატებსა და დამსწრეებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ირაკლი ნადარეიშვილის ოზურგეთში ვიზიტის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია _ პირველი სექტემბრიდან სახელმწიფო დაზღვევა მიეცემა ყველა პენსიონერსა და 0-დან 5-წლამდე ასაკის ბავშვებს. ამას გარდა, უკვე ამოქმედდა სოციალური სააგენტოს სპეციალური ვებგვერდი, სადაც ყველა სახის ინფორმაციის მოპოვებაა შესაძლებელი. რევაზ ჩიტიძის თქმით, თუ სხვა ზღვეულებს დავუმატებთ, ლანჩხუთელების 65% დაზღვეული იქნება.
სხდომის დასრულების შემდეგ, მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გვირგვინით შეამკეს საქართველოს მთავრობის თავმჯდომარის, ნოე ჟორდანიას ბიუსტი.