ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ შემოქმედის სახალხო დღესასწაულის შემდეგ, მრევლმა შემოქმედის მამათა მონასტერში გადაინაცვლა, სადაც ღვთისმშობლობისადმი წირვა-ლოცვა აღევლინა.
ტრადიციის თანახმას, 21 სექტემბერს, ეკლესიას მრევლი შინაურ ფრინველს წირავს.
სოფელ წითელმთაში მცხოვრები ლეილა ნიკოლაიშვილი იუბილარია და ეს დღე განსაკუთრებით უყვარს.
"არ უნდა ვამხელდე, მაგრამ მაინც გეტყვით, ჩემი დაბადების დღეა და ვბერდები. მიყვარს ეს დღე უსაზღვროდ, ქართველებს ძალიან გვწამს ღვთისმშობლის არსებობის და ჩემთვის ყველაზე საყვარელი დღე არის.
რაც შეეხება ტრადიციას, რომელიც არსებობს, ღვთისმშობლობას დედაჩემი ყოველთვის მამალს წირავდა ეკლესიას, მეც ვაგრძელებ ამ ტრადიციას. შეწირვის დროს ჩავუთქვამთ სურვილს", _ გვითხრა ლეილა ნიკოლაიშვილმა.
ქეთი მახნიაშვილი ყოველ ღვთისმშობლობას ესწრება:
"მე ვფიქრობ და ვთვლი, რომ შეწირვა უფლის სახელზე კარგი ტრადიციაა. ძალიან კარგია თუ შევწირავთ ეკლესიას, ფრინველს, ცხოველს თუ რის საშუალება ექნება ადამიანს. ასევე ჩვენ უნდა დავეხმაროთ ერთმანეთს, ადამიანებს და რის საშუალება გვექნება ხელი გავუწოდოთ ერთმანეთს. ქაშვეთში უამრავი ადამიანი ითხოვს დახმარებას და ასე არის თითქმის ყველგან.
ღვთისმშობლობას ფრინველის შეწირვა, მე ვიცი, რომ ეს უძველესი ტრადიცია. მინდა გითხრათ, ჩემი წინაპრებმა, ოქროპირიძეებმა დიდი შესაწირი გააკეთეს, რომ აშენებულიყო შიომღვიმეს მონასტერი. თუ კი გვაქვს საშუალება და მიუღებელი არ არის მცირედი წვლილით დავეხმაროთ ეკლესიას", _ აღნიშნა "გურია ნიუსთან" საუბრისას ქეთი მახნიაშვილმა.