გურიაში სტუმრად მყოფმა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ზვიად სიჭინავამ განაცხადა, რომ გაისად უმაღლესლიგელებს ფინანსური პრობლემა არ შეექმნებათ: _ უკვე ორშაბათიდან “დინამოს” ეყოლება ახალი პატრონი. იგივე ითქმის სამტრედიასთან მიმართებაში. როგორც მივიდა სპონსორი ქუთაისში და როგორც გადაწყდა ფოთში. ჩემპიონატს ჩაშლა არ ემუქრება, _ განაცხადა სიჭინავამ.
სავარაუდოდ, სფფ-ს პრეზიდენტმა ფოთთან დაკავშირებით პორტთან გაფორმებული ხელშეკრულება იგულისხმა, რომელიც აქამდე არ შესრულებულა, რამაც “კოლხეთის” ფაქტობრივი დაშლა გამოიწვია.
რა ხდება სამტრედიაში? რა იციან ახალი შესაძლო მეპატრონისა თუ სპონსორის შესახებ? როგორც გავიგეთ, არც არაფერი. ფეხბურთელები უიმედოდ არიან და სეზონის პირველ ნახევარს მხოლოდ ენთუზიაზმით ასრულებენ.
_ დაპირებასაც კი არავინ გვაძლევს. ასე გაგრძელება როგორ შეიძლება? შედეგი ის იქნება, რომ ეს გუნდი არ იარსებებს, ამ შემადგენლობას ვგულისხმობ. ალბათ, დუბლებით თუ გააგრძელებენ და მერე სამტრედიაშიც წააგებს გუნდი 0:8-ზე. დაპირება ხომ მაინც უნდა იყოს? სამომავლო გეგმა, რას ვაპირებთ, რისი იმედი გვაქვს? არც არაფრის! _ ეს “სამტრედიის” მთავარმა მწვრთნელმა გელა სანაიამ გვითხრა.
გასულ კვირაში მისმა კლუბმა ამ წლის ბოლო საშინაო შეხვედრა გამართა. ნამატჩევს ქომაგები მას მადლობას უხდიდნენ გაწეული მუშაობისთვის და იმედს გამოთქვამდნენ, რომ მალე ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება. იმედია, სფფ-ის პრეზიდენტის მიერ ნახსენები მოლაპარაკებაც კარგად დასრულდება, ან მინიმუმ სახელმწიფო პატრონაჟით მაინც გააგრძელებს იმერული კლუბის სეზონს ღირსეულად. სიჭინავამ კლუბებისთვის სახელმწიფო დახმარების შესაძლებლობაც არ გამორიცხა და მეტიც, დაადასტურა, რომ ამ საკითხზე მთავრობის ეკონომიკურ და საფინანსო გუნდებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved