ვაზიანის დასახლებაში მცხოვრები მოსახლეობა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების მინისტრს, გიგლა აგულაშვილს დახმარების თხოვნით მიმართავს. ტერიტორიაზე, სადაც 56 კორპუსში, 5 ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობს რამდენიმე ნაგავსაყრელია, რის გამოც ადგილზე საშინელი ანტისანიტარიაა.
როგორც ადგილობრივები "გურია ნიუსთან" საუბრისას ამბობენ, ნაგვის ურნების არარსებობის გამო იძულებულები არიან ნაგავი ტერიტორიაზე დაყარონ, თუმცა მუდმივი ქარის გამო, ნარჩენები მთელ ტერიტორიაზე იფანტება.
"ვხუმრობთ ხოლმე, ვაზიანი კი არა ამ დასახლებას პარკიანი უნდა ერქვას-თქო. ისეთი სიბინძურეა გარშემო, ქარი რომ ამოვარდება, მთელი ნაგავი ფანჯრებიდან ოთახებში შემოგვდის. არაფერს ვითხოვთ ნაგვის ურნების გარდა. პერიოდულად რომ გაწმინდონ ტერიტორია, არა მგონია, მოუგვარებელი პრობლემა იყოს. კანალიზაციის ჭებიც მთლიანად ივსება, რასაც ეს ჭები ვერ იტევს სარდაფებში ჩადის. ვეწარმავლების, ვირთხების სა ანტისანიტარიის ბუდეა", _ ამბობს ჟუჟუნა ჩიტაიშვილი, რომელიც 23 წელია ვაზიანში ცხოვრობს.
"როგორც ჩანს, გარემოს დაცვის მინისტრმა არ იცის ჩვენი გასაჭირი, თორემ არა მგონია, ამით არ დაინტერესებულიყო. იქნებ ხმა მიაწვდინოთ, გადასცეთ, რომ მოვიდეს ადგილზე და ნახოს რა პირობებში ვცხოვრობთ. ტერიტორიაზე ხეებიც კი არ არის. ეკლიან ბალახებში უწევთ ბავშვებს თამაში. მთელი ტერიტორია ერთი დიდი ნაგავსაყრელია, სადაც 5 ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. ერთი თხოვნა გვაქვს მინისტრთან – დაგვეხმაროს რომ ტერიტორია გავამწვანოთ", _ გვითხრა ციალა ოთანაძემ.
"ნერგები მოგვიტანონ, ჩვენ თვითონ დავრგავთ. რისი საშუალებაც გვქონდა ვიყიდეთ და გავაშენეთ, ვაზიც კი დავრე, ბავშვებს ყურძენი ექნება-თქო, მაგრამ ისეთი სიბინძურეა, აქ მოყვანილს ვერაფერს შეჭამს ადამიანი", _ ამბობს ვერა ბროლაძე.
ამავე თემაზე: