წუხელ, ქალაქ ოზურგეთში, ერთერთი საჯარო სკოლის მეთერთმეტეკლასელი მოსწავლე ნ.ბ ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. როგორც, მცირეწლოვანი დაზარალებულის ოჯახის ახლობლები "გურია ნიუსთან" ამბობენ, მოზარდს სხეულზე მიყენებული აქვს რამდენიმე ჭრილობა. ჯერჯერობით უცნობია, რა არის მოზარდის დაჭრის მიზეზი, თუმცა "გურია ნიუსის" წყაროს ინფორმაციით, აღნიშნული ფაქტის სავარაუდო მიზეზად გოგონა სახელდება.
შსს სამინისტროში აღნიშნულ ფაქტს ადასტურებენ და განმარტავენ, რომ "გამოძიება დაწყებულია სსკ 118 მუხლის პირველი ნაწილით."
11 კლასელის, 16 წლის მოზარდის დაჭის ფაქტს იმ საჯარო სკოლის დირექტორიც ადასტურებს, სადაც ნ.ბ სწავლობს. დირექტორის განცხადებით, მას ფაქტის გამომწვევი მიზეზის შესახებ ინფორმაცია არ აქვს: "ინფორმაციას დაჭრის შესახებ ვფლობ, თუმცა რა და როგორ მოხდა არ ვიცი. ბავშვი არ ამბობს, მე როცა ვიყავი მის სანახავად, პოლიცია იმყოფებოდა და შეუძლებელი იყო მასთან გასაუბრება. ამჟამად მისი ჯამრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მას ჭრილობიდან ტყვიები ამოუღეს" _ გვითხრა დირექტორმა.