"გურია ნიუსის" წყაროს ინფორმაციით, ქალაქ ოზურგეთში, შემოდგომის თვეები საჯარო სამსახურში დასაქმებულებისთვის მეტად დაძაბული იქნება. როგორც ხელისუფლებასთან კარგად დაახლოებული წყარო ამბობს, ოქტომბრიდან იგეგმება საკადრო ცვლილებები, რომელიც შეეხება გურიის გუბერნიას, ოზურგეთის მერიას და ასევე სხვადასხვა სამინისტროს დაქვემდებარებულ გურიის რამდენიმე სამსახურს.
"გურია ნიუსის" წყაროს ინფორმაციით, ხელისუფლებამ წინასაარჩევნოდ, საზოგადოების "გულის მოსაგებად" და "პლიუსების ჩასაწერად", იმ საჯარო მოხელეების თავიდან მოშორება გადაწყვიტა, რომლებიც "ნაციონალური მოძრაობის" დროს მუშაობდნენ საპასუხისმგებლო თანამდებობებზე, ასრულებდნენ წინა ხელისუფლების უკანონო დავალებებს და დღესაც არიან დასაქმებულები საჯარო სამსახურებში.
ასევე, ხელისუფლების წარმომადგენლების ინიციატივით, მაქსიმალურად უნდა მოხდეს "ქართული ოცების" განაწყენებული მხარდამჭერებისა და პარტიის წევრების დასაქმება, რომლებიც დღეს ხელისუფლების ყურადღების მიღმა არიან დარჩენილები.
გურიის გუბერნიაში, ადგილობრივმა ხელისუფლებამ, ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ყოფილი გუბერნატორის მიერ დასაქმებული და მასთან კარგად დაახლოებული ჩინოვნიკების მოშორება გადაწყვიტა, რაც ეტაპობრივად უნდა მოხდეს.
ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ქალაქ ოზურგეთის მერიაში დასაქმებულების: მერაბ წივწივაძის, შუქრი გაბრიჩიძის, ხათუნა შარაძის, კუკა ბარამიძის, გიორგი შარაშენიძის და კობა ბანძელაძის გათავისუფლებაზეა საუბარი.
სამსახურიდან დასათხოვართა სიაშია ასევე, ოზურგეთის მუნიციალიტეტის გამგეობის ა.(ა)ი.პ. ბაღების გაერთიანების უფროსი ავთანდილ მექვაბიშვილიც.
აღსანიშნავია ერთი ფაქტიც: "გურია ნიუსის" წყაროს ინფორმაციით, ხელისუფლების "შავ სიაში" ოზურგეთის რესურსცენტრის ხელმძღვანელი ლელა იმედაშვილი და სურსათის ეროვნული სააგენტოს გურის სამსახურის უფროსი კახა თავბერიძეც არიან.
წყაროს მტკიცებით, ორივე მათგანის გათავისუფლებას ადგილობრივი ხელისუფლება ,სხვადასხვა ბერკეტით ცდილობს.
წყაროს ინფორმაციით, გურიის გუბერნატორის მოადგილე სოსო ერქომაიშვილი ამ პროცესებში აქტიურად არის ჩართული, სწორედ მას განუცხადებია "თუ ჩვენ ოზურგეთის რესურსცენტრის ხელმძღვანელს ლელა იმედაშვილს მოვიშორებთ, ეს ჩვენთვის დიდი პლიუსი იქნებაო".
"გურია ნიუსი" , აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, ყველა კომპეტენტურ პირს დაუკავშირდა. გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე ამბობს, რომ "ადამიანები რომლებსაც აქვთ დანაშაულებრივი ქმედებები ჩადენილი წინა ხელისუფლების დროს, ვინც არ უნდა იყვნენ ისინი, დღევანდელი ხელისუფლების პირობებში მათი ადგილი საჯარო სამსახურებში არ არის“
"არის თუ არა შესაძლებელი, იმ ადამიანების გათავისუფლება, რომლებიც უკანონო დავალებებს ასრულებდნენ? ჩემი აზრით, ყველა იმ ადამიანის მიმართ, რომელიც მუშაობს საჯარო სამსახურში და არ ან ვერ ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას, კანონით გათვალისწინებული გადაწყვეტილება აუცილებლად განხორციელდება, თუმცა არ აქვს არანაირი მნიშვნელობა, რომელ პარტიას ეკუთვნის ის.
რა თქმა უნდა, ხელისუფლებას ჰყავს თავისი მომხრეები და ეს მომხრეები მეტწილად დარჩნენ დაუსაქმებელი იმის გამო, რომ საშტატო ერთეული ზოგადად ექვემდებარება რაღაცა ზღვარს, აქედან გამომდინარე, როგორ მოხდება მათი დასაქმება, ისევ პარტიულ სტრუქტურებში დასაქმდებიან, ან სხვა საჯარო სამსახურში თუ კერძო სექტორში, ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია"-ამბობს სალუქვაძე.
რაც შეეხება სურსათის ეროვნული სააგენტოს გურიის სამსახურის უფროსის კახა თავბერიძისა და ოზურგეთის რესურსცენტრის ხელმძღვანელის ლელა იმედაშვილის, ხელისუფლების მიერ ფარულად, სხვადასხვა გზით "მოშრებას", სალუქვაძე განმარტავს:
"კახა თავბერიძეს მე პირადად ვიცნობ, ასევე ლელა იმედაშვილთან მაქვს საქმიანი ურთიერთობა. ეს პიროვნებები ინიშნებიან სხვადასხვა სამინისტროებიდან , აქედან გამომდინარე, შეუძლებელია ჩვენ რაიმე აქტივობა განვახორცილოთ მათზე. რაც შეეხება დანარჩენ საჯარო მოხელეებს, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ვინც ვერ ან არ შეასრულებს თავის მოვალეობას, მისი ადგილი საჯარო სამსახურში არ არის.
იმ საჯარო მოხელეების , გათავისუფლება, რომლებიც მუშაობდნენ "ნაციონალური მოძრაობის" დროს, მაგრამ კანონიერად ასრულებდნენ თავის ფუნქციებს , არ მიმაჩნია გამართლებულად"– ამბობს გურიის გუბერნატორი.
იგეგმება თუ არა გურიის გუბერნიაში რაიმე სახის საკადრო ცვლილებები, სალუქვაძე გვპასუხობს, რომ მას რამდენიმე თანამშრომლის მიმართ შენიშვნები გააჩნია:
"ჩვენ გვაქვს რამდენიმე ადამიანთან შენიშვნები. მე მაინტერესებს საქმეზე ორიენტირებული მოხელე, არ გამოვრიცხავ რომ იყოს გარკვეული ცვლილებები, თუმცა ეს უნდა იყოს არგუმენტირებული და კანონისმიერი გადაწყვეტილება. არ შეიძლება დღეს იმ მეთოდებით მუშაობა, რა მეთოდებითაც მუშაობდნენ "ნაციოანლური მოძრაობის" დროს" .
გურიის გუბერნატორის მოადგილე სოსო ერქომაიშვილი "ქართული ოცნების" მხარდაჭერების დასაქმებაზე საუბრობს:
"რა თქმა უნდა, პარტიის ცენტრალური ოფისიდან იყო მესიჯები , რომ ის აქტივისტები, რომლებიც 2011 წლიდან აქტიურად მუშაობდნენ პარტიისთვის, უნდა დასაქმდნენ. იქნება ეს სამხარეო ადმინისტრაცია, კერძო სექტორი, თუ რომელიმე სხვა სამინისტრო, ყველგან სადაც კი ხელი მიგვიწვდება, "ქართული ოცნების" მხარდამჭერები დასაქმდებიან."
_ბატონო სოსო, რის ხარჯზე უნდა მოხდეს მათი დასაქმება: შტატებს ამატებთ და ბიუჯეტიდან უნდა მოხდეს დამატებით თანხების გამოყოფა მათი შენახვისათვის თუ სხვა რაიმე მექანიზმი არსებობს?
–არა, არა. თქვენი კითხვები დეტალურ პასუხს მოითხოვს. ამიტომ ამ ეტაპისთვის ვერ გიპასუხებთ, მგონია რომ ბიუჯეტიდან რაიმე ზედმეტი თანხების გამოყოფა არ მოხდება.
– ინფორმაცია გვაქვს, რომ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, კონკრეტულად კი თქვენ ფიგურირებთ ოზურგეთის რესურსცენტრის ხელმძღვანელისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონალური სამსახურის უფროსის გათავისუფლების საქმეში…
–მე არ ვარ საქმის კურსში.
–"თუ რესურსცენტრის ხელმძღვანელს გავათავისუფლებთ, ეს ჩვენთვის დიდი "პლიუსი" იქნებაო, ეს სიტყვები თქვენ არ გეკუთვნით?
–ეს მე საჯაროდ განვაცხადე? მე არავის გათავისუფლებას არ ვაპირებ , ეს ჩემს კომპეტენციაში არ შედის. მე არ მაქვს ვინმეს გათავისუფლების უფლება . რაც შეეხება მხარდამჭერების დასაქმებას, ყველა ბერკეტს გამოვიყენებ, მათ დასასაქმებლად და ყველას გვერდში დავუდგები"-გვითხრა ერქომაიშვილმა.
სურსათის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონალური სამსახურის უფროსი კახა თავბერიძე, მის შესაძლო გათავისუფლებასთან დაკავშირებით, ინფორმაციას არ ფლობს.
ჩვენ დავუკავშირდით, ასევე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ა.(ა)ი.პ. ბაღების გაერთიანების დირექტორს ავთანდილ მექვაბიშვილს, რომელმაც ასევე განაცხადა, რომ აღნიშნულ ინფორმაციას არ ფლობს:
"ჩემამდე არ მოსულა მსგავსი ინფორმაცია. რატომ მაერთიანებენ "ნაციონალებთან," არ მესმის. არცერთი პარტიის წევრი არ ვარ და არც ვყოფილვარ ჩემი ცხოვრების მანძილზე, თითქმის 30 წელზე მეტია ვმუშაობ, თუმცა არცერთ პარტიასთან არ ასოცირდება ჩემი სახელი. მე ჩვეულებრივად ვაგრძელებ მუშაობას"_ამბობს მექვაბიშვილი.
ქალაქ ოზურგეთის მერი ბეგლარ სიორიძე კატეგორიულად უარყოფს საკადრო ცვლილებების განხორციელებას:
"მსგავსი არაფერი იგეგმება. რაც შეეხება თქვენს მიერ მოწოდებულ სიებს, ესენი არიან ის ადამიანები, რომლებმაც გაიარეს ტესტირება, გასაუბრება, ჩააბარეს კონკურსები, დასაქმდნენ მხოლოდ და მხოლოდ კონკურის გზით. ამ ადამინების გათავისუფლებას არასდროს ვაპირებდი და არც ახლა ვაპირებ. რაც შეეხება "ქართული ოცნების" აქტივისტების დასაქმებას, მათ ხარჯზე ქალაქის მერი სამსახურიდან არავის არ გაუშვებს და არავის არ მიიღებს პარტიული მოტივით"_ განაცხადა სიორიძემ.
ოზურგეთის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ლელა იმედაშვილმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი არ გააკეთა.