ვაზიანის დასახლების მაცხოვრებელთა პრობლემების შესახებ, "გურია ნიუსის" მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი გამოეხმაურა.
მინისტრმა აღნიშნული საკითხი პირად კონტროლზე აიყვანა და მისი მოგვარებაა გარემოსდავითი ზედამხედველობის დეპარტამენტს დაავალა.
შეგახსენებთ, რომ "გურია ნიუსმა" გუშინ ორი სტატია გამოაქვეყნა – ვაზიაანის მოსახლეობა შველას ითხოვს და "მინისტრმა, ალბათ, ჩვენი გასაჭირი არ იცის – რას სთხოვს მოსახლეობა გიგლა აგულაშვილს", სადაც დასახლების მაცხოვრებელთა პრობლემების შესახებ არის საუბარი.
ცნობისთვის, ვაზიანის დასახლებაში მცხოვრები მოსახლეობა ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვს. ტერიტორიაზე არსებულ 56 კორპუსში, რომელთა მდგომარეობაც სავალალოა, 5 ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობს.
მათი საცხოვრებელი პირობები გაუსაძლისად მძიმეა, კორპუსებში არ არის გამართული საკანალიზაციო და წყლის მილები, ფეკალიები კი პირდაპირ სარდაფში ჩაედინება. ტერიტორიაზე არ არის გარე განათება, შებინდების შემდეგ, ადგილობრივების თქმით, ისინი სახლებიდან ვერ გამოდიან. როგორც მოსახლეობა ამბობს, ტერიტორიაზე უამრავი მაწანწალა ძაღლია.
მოსახლეობამ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების მინისტრს, გიგლა აგულაშვილს დახმარების თხოვნით "გურია ნიუსის" საშუალებით მიმართა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ნაგვის ურნების არარსებობის გამო იძულებულები არიან ნაგავი ტერიტორიაზე დაყარონ, თუმცა მუდმივი ქარის გამო, ნარჩენები მთელ ტერიტორიაზე იფანტება. მოსახლეობა ტერიტორიის გაწმენდას და ელემენტარული გარემო-პირობების გაუმჯობესებას ითხოვს.