ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატი, ლევან კობიაშვილი გურულ სპორტსმენებს შეხვდა. შეხვედრაზე, რომელსაც სპორტული ა.(ა).ი.პ-ების თანამშრომლები და როგორც მოქმედი და ასევე ვეტერანი ფეხბურთელები ესწრებოდნენ, კობიაშვილმა სამომავლო და ფეხბურთის განვითარების გეგმებზე ისაუბრა.
შეხვედრა ოზურგეთის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართა. კობიაშვილს გურიის გუბერნატორი, გია სალუქვაძე და ქალაქ ოზურგეთის მერი, ბეგლარ სიორიძე დახვდნენ, თუმცა სპორტსმენებთან მის საუბარს ისინი არ დასწრებიან.
შეხვედრაზე იმყოფებოდნენ გურიის ფეხბურთის ფედერაციის გამგეობის ის წევრები, რომლებიც ფედერაციის პრეზიდენტს კახა ებრალიძეს იმის გამო უპირისპირდებიან, რომ მისი ერთპიროვნული გადაწყვეტილებით გურიის ხმა არჩევნებზე რევაზ არველაძეს ერგება.
გამგეობის წევრებმა კობიაშვილს მხარდაჭერა ღიად კიდევ ერთხელ დაუფიქსირეს. შეხვედრის დასრულების შემდეგ კობიაშვილმა "გურია ნიუსს" ვრცელი ინტერვიუ მისცა, სადაც არჩევნების სისტემის არასამართლიანობაზე, გურიაში განვითარებულ მოვლენებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
ლევანი კობიაშვილის თქმით, "ქართული ოცნების" დეპუტატები ღიად უჭერენ მხარს რევაზ არველაძეს და მისი კახი კალაძესთან მეგობრობა სრულად არ ნიშნავს სახელისუფლებო რესურსის გამოყენებას.
ინტერვიუს სრულ ვერსიას "გურია ნიუსი" მალე შემოგთავაზებთ.